პოლიტპატირების მრავალტანჯული სია: ასო–თა თამაში და საკუთარ კარში გოლების წვიმა

პოლიტპატირების მრავალტანჯული სია: ასო–თა თამაში და საკუთარ კარში გოლების წვიმა

თავიდანვე განვმარტავ: სათაურშიც და შემდგომ ტექსტშიც „ასო“ აბრევიატურაა, არასამთავრობო ორგანიზაციას აღნიშნავს და არა სხვა რამეს, ხოლო თუ მკითხველს სხვა ასოციაცია გაუჩნდება, ეს ჩემი ბრალი არ არის. ისე, ზოგი ასო „ასოციაციაცადაც“ იწოდება, ასე, რომ „ასო“ და „ასოციაცია“ ხშირად ერთი და იგივეა.

ასოციაციები იქით იყოს და ასო–თა უჩვეულო როლი ჩვენს სინამდვილეში, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების ძალზე საჭირბოროტო საქმეში, მართლაც გასაოცარია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ასო–თა მონაწილეობით პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცენდენტო კომისია ჩამოაყალიბა: ამ კომისიას მიზნად დაუსახეს პარლამენტისათვის მოამზადოს სია, რომელშიც შეყვანილ ადამიანებს პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრის ან პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭებათ.

პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხის სასწრაფოდ მოგვარებას ქართველი საზოგადოება ახალი ხელისუფლებისაგან ერთსულოვნად მოითხოვს. პოლიტპატიმრების არსებობა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მძიმე მემკვიდრეობა და თითოეული ქართველის სირცხვილია! თუმცა, ამ სავალალო მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება, ამ სირცხვილის ჩამორეცხვა, სამწუხაროდ, ასო–თა თამაშით შეუძლებელია და როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრივაც გაცილებით უფრო სერიოზულ დამოკიდებულებასა და ძალისხმევას მოითხოვს.

რას ვგულისხმობ ასო–თა თამაშში? განა მათ შრომა არ გასწიეს, არ შეისწავლეს სისხლის სამართლის უამრავი შეთითხნილი საქმე, რათა სამართლიანობის აღდგენისათვის საფუძვლები შეექმნათ? დიახ, ეს ასეა და მათი ღვაწლი არც საკამათოა, არც დასაკარგი და არც დასავიწყებელი. მაგრამ, ერთია ასო–თა მოღვაწეობა და მეორე – სახელმწიფო საქმეები. როცა ასო–თა ღვაწლით კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებების ჩანაცვლება სურთ, ეს სწორედ სახელმწიფობანას თამაშს ემსგავსება, აი, ისე, ბავშვები სახლობანას რომ თამაშობენ.

პოლიტპატიმრის ან პოლიტდევნილის სამართლებრივი მდგომარეობა, ანუ მათი სტატუსი საქართველოს მოქმედი სამართლით არ წესრიგდება. ასეთ ცნებებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ იცნობს და მათ ნორმატიულ–სამართლებრივი შინაარსი უბრალოდ არა აქვთ. მართალია, ჩვენი კანონმდებლობა იცნობს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებს, მაგრამ ასეთ პირთა სტატუსს სრულიად კონკრეტული კონტექსტი გააჩნია: ასეთ პირებად კანონი მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს გულისხმობს (იხ. კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“).

პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის შესადგენად, მისი „ობიექტურობისათვის“ თურმე ასო–თა და პარლამენტის მიერაც არა რომელიმე კანონი, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები გამოიყენება. ეს რეკომენდაციები გარკვეულ კრიტერიუმებს მართლაც ადგენენ, რომელთა მიხედვითაც პირი შესაძლოა მიჩნეული იქნას პოლიტპატიმრად ან პოლიტდევნილად.

ცხადია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია, რომლითაც ხდება პოლიტიკური ნიშნით დევნილის ან პოლიტპატიმრის ე.წ. სტატუსის „გამაგრება“, ამ მიზნით არ გამოდგება. არ გამოდგება თუნდაც იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა სამართლის ნორმა. ამ რეკომენდაციით, შესაძლოა, იხელმძღვანელონ სახელმწიფო, მათ შორის – სასამართლო ორგანოებმაც, როცა პოლიტიკური ნიშნით დევნილი ანდა მსჯავრდებული კონკრეტული პირის დარღვეული უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ ბუნებრივია, რაიმე ზოგადი სამართლებრივი სტატუსის განსასაზღვრად, რაც პირთა წრეს შეეხება, ეს რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანოს არავითარ შემთხვევაში არ გამოადგება.

რადგან ობიექტური, კანონით გამყარებული წანამძღვრები არ არსებობს, პოლიტიკრი ნიშნით დევნილებად და პოლიტპატიმრებად სხვადასხვა ასო–ები სხვადასხვა ადამიანებს მიიჩნევენ, მათ ურთიერთგანსხვავებული სიები გააჩნიათ. არის ერთი ჟრიამული და დავიდარაბა, რომელი სიაა უფრო მართალი და სრულყოფილი, რომელია უფრო ავტორიტეტული ასო და, რაც მთავარია, როგორ, რა წესით უნდა შეთანხმდნენ ამ სხვადასხვა სიების ერთიან სიად გადასაქცევად? ორმა ასომ გადაწყვიტა კიდეც, ჩვენ ჩვენი სია გვაქვს და სხვა პირების საბოლოო სიაში შესატანად, მათი საქმეების შესასწავლად ღამეებიც რომ ვათენოთ, დრო მაინც არ გვეყოფა და ამიტომ, ხელებიც დაგვიბანია – პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო! ასე, რომ, საბოლოო სია, რასაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, ორი ასოს პასუხიმგებლობის გარეშე იქნება დამტკიცებული.

სანამ ამ სიაში პირთა შეტანაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავერკვეთ, მაინც რას ნიშნავს პოლიტდევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი? როგორც უკვე ვთქვით, კანონმდებლობით ეს გარკვეული არ არის და ამიტომ, ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რასაც ასო–ები იგულისხმებენ და პარლამენტიც გაიზიარებს.

არადა, მიუხედავად იმისა, თუ ასო–ები რას იგულისხმებენ, პოლიტიკური ნიშნით დევნილის ან პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება რომელიმე პირისათვის, როცა კანონით წინასწარ განსაზღვრული არ არის არც რაიმე საფუძველი და არც სამართლებრივი შედეგი, რაც ასეთი სტატუსის მინიჭებას მოჰყვება, სამართლებრივ ლოგიკას და ამდენად, აზრსაც არის მოკლებული. ეს ოდენ ფუჭი თამაშია, პარლამენტის მიერ წამოწყებული ასო–თა ფუჭი თამაში!

ასეთი თამაში მხოლოდ გაუგებრობას წარმოშობს და არც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა გამოსწორებას, არც ამ რეჟიმის მსხვერპლად ქცეულ ადამიანთა ხვედრის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. სამაგიეროდ, ყალბ მოლოდინს ნამდვილად წარმოშობს და როცა ეს მოლოდინი არ გამართლდება, ეს თამაში საკუთარ კარში გოლის გატანის დაჟინებულ მცდელობას დაემსგავსება. სწორედ საკუთარ კარში გოლი იქნება, თუ პარლამენტი ამ სიას კენჭს უყრის და თავისი აქტით დაამტკიცებს პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა შემადგენლობას.

რატომ? მაინც რა მოხდება, თუ ასო–თა (ორი ასოს გამოკლებით) მიერ შედგენილ ამ ერთიან სიას პარლამენტი დადგენილებით დაამტკიცებს?

ამ დადგენილებით პარლამენტი, ფაქტობრივად, ინსტიტუციურ კონფლიქტში შევა სასამართლო ხელისუფლებასთან. მართლაც: თუ პარლამენტი თავისი აქტით მიიჩნევს, რომ ქვეყანას ჰყავს ასეულობით (!) პოლიტიკური ნიშნით დევნილი და მსჯავრდებული ადამიანი, იგი ხმამაღლა განაცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მასობრივად, სისტემურად ყოფილა ხელყოფილი კონსტიტუციით აღიარებული ძირითადი უფლებები. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სიის გაოფიციალურებით, ამ სიის დაკანონებით, პარლამენტი სასამართლო ხელისუფლებისადმი უნდობლობას, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ სრულიად აშკარად და მკაფიოდ გამოხატავს.

ამ სიის დაკანონებით შეიქმნება კონფლიქტური პოლიტიკური ვითარება, რომლისგანაც სამართლებრივ გამოსავალს საკონსტიტუციო სამართალი არ იცნობს. როცა პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ენდობა და იქმნება ე.წ. სამთავრობო კრიზისი, გამოსავალს კონსტიტუცია გვკარნახობს – ასეთ დროს ან მთავრობა იცვლება ანდაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება. მაგრამ მსოფლიოს არც ერთი კონსტიტუცია არ უშვებს და ვერც დაუშვებს შემთხვევას, როცა პარლამენტი სასამართლოს არ ენდობა, რადგან ქვეყანაში „სასამართლო კრიზისის“ გამოწვევა აბსურდია! ეს სწორედაც საკუთარ კარში გოლის გასატანად თამაშია, უფრო სწორედ – ცეცხლთან თამაში!

ასეთი „სასამართლო კრიზისი“, რომლის გამოწვევასაც პარლამენტი ნებსით თუ უნებლიედ ესწრაფვის, მართლმსაჯულების კოლაფსის მომასწავებელი იქნება. ასეთი ვითარების შექმნა ამთავითვე, ყოველმხრივ უნდა გამოირიცხოს, რადგან სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, სამართლის აღსრულებაა, ხოლო  თუ სასამართლო კანონიერ ნდობას დაკარგავს, სამართლის აღსრულება წარმოუდგენელია.

აქდან გამომდინარეც, თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის დაკანონებით პარლამენტი დაუკრეფავში გადადის, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას ცხადად ემუქრება! სასამართლო ხელისუფლება დისკრედიტირებულია, რასაც ვერავინ უარყოფს, მაგრამ მაინც არ შეიძლება ამ ფაქტის დაკანონება. სასამართლოს სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდება და არა სამარცხვინო ბოძზე გაკვრა. ეს სხვა დიდი თემაა, რომელსაც ცალკე, ძალიან სერიოზული მსჯელობა სჭირდება და ამიტომ, აქ ვერ განვიხილავთ. ჯობს, ისევ პოლიტპატიმრების თემას დავუბრუნდეთ.

სანამ პოლიტპატიმართა სია ასო–თა წიაღში არსებობს, ეს მხოლოდ მათი კერძო შეხედულებანია, ხოლო როცა ეს სია პარლამენტის დადგენილებით გაოფიციალურებული იქნება და მკაფიო ლეგიტიმურობას შეიძენს, ყველაფერი თავდაყირა დადგება: ამ სიაში შეტანილი პირის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთდროულად გვექნება როგორც უკვე გამოტანილი და ძალაში მყოფი განაჩენი, ასევე პარლამენტის დადგენილება, რომელიც ასეთ განაჩენს ფაქტიურად გამორიცხავს, მაგრამ ვერ აუქმებს!

და რა ქნას ასეთ შემთხვევაში კაცმა, რომელსაც პარლამენტი ეუბნება – პოლიტიკური ნიშნით ხარ დაპატიმრებულიო, ხოლო სასამართლო კი საპირისპიროს უმტკიცებს – დანაშაულის გამო ხარ დასჯილიო! არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს საქართველოს სახელით გამოაქვს განაჩენი და ასევე საქართველოს სახელით მოქმედებს პარლამენტიც. როცა მათი აქტები ერთი მეორეს გამორიცხავს, ორპირ, ე.ი. ცრუ სახელმწიფოს მივიღებთ. აქ არსებითი ისიცაა, რომ თუ დადგენილება განაჩენს არ გააუქმებს და უსამართლოდ მსჯავრდებული მაინც ციხეში დარჩება, რა ბედენაა მისთვის, რომ პარლამენტმა პოლიტპატიმრობა უღიარა?!

როცა რომელიმე, რაგინდ ავტორიტეტულ ასო–ს, თუნდაც არა მხოლოდ ერთ ასო–ს, არამედ ასო–თა სიმრავლესაც კი, მიაჩნია – ეს და ეს კაცი პოლიტპატიმარიაო, აქ მხოლოდ კერძო შეხედულებასათან გვაქვს საქმე და მეტი არც არაფერი. დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი ეს კერძო შეხედულება, გასაზიარებელია თუ არა მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები, უნდა მოჰყვეს თუ არა მათ არგუმენტებს კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, მხოლოდ სასამართლომ შიძლება სათანადო პროცედურებით გაარკვიოს და არავითარ შემთხვევაში – პარლამენტმა. თუ პარლამენტი ამას მაინც ჩაიდენს, იგი სასამართლოს უფლებამოსილებებში შეიჭრება, რადგან მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერვე გამოტანილი განაჩენი ან ბრალის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება.

პარლამენტის მიერ წამოწყებული ასო–თა ეს ცალკარა (თანაც ეს არა მეტოქის, არამედ საკუთარი კარია!), თამაში, რომლის არსი სისხლის სამართლის საქმეებზე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის და უპირველესად სასამართლოს, როლის ჩანაცვლებაა, უაღრესად მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს, კერძოდ:

1) სამართლებრივი თვალსაზრსით – შეიქმნება მავნე პრეცენდენტი, როცა სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული არაერთი გადაწყვეტილება ეჭვს ქვეშ დადგება კანონით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, პარლამენტის მიერ ინიციირებული პოლიტიკური პროცესის შედეგად;

2) პოლიტიკური თვალსაზრისით – პარლამენტის ეს, რბილად რომ ვთქვათ, სამართლებრივად მეტისმეტად საეჭვო, გადაწყვეტილება დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება პოლიტიკური კრიზიის გასაღვივებლად რევანშის წყურვილით აღსავსე საპრეზიდენტო პარტიის მიერ. ეს მხოლოდ თეორიული საფრთხე არ არის, სავსებით რეალურია, რადგან პრეზიდენტის პრეროგატივები ისევ ჩასაფრებული სააკაშვილის ხელთაა და მათი გამოყენება, თუკი მას ასეთი საბაბი მიეცემა, დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი.

აქვე გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ დღეს პარლამენტს წარმოდგენაც არა აქვს – რა მოჰყვება ამ სიის პარლამენტის მიერ დაკანონებას თავად ამ სიაში შეყვანილი ადამიანებისათვის?

ცხადია, პარლამენტი ამ გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საგამოძიებო და სასამართლო პროცედურების გარეშე, მხოლოდ ასო–თა კერძო შეხედულებებზე დაყრდნობით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოურკვევლად, რისი არც უფლება და არც შესაძლებლობა პარლამენტს არა აქვს, ხელის ერთი მოსმით, ე.ი. – ხელის ერთი აწევით, დაადასტურებს, რომ მათი უფლებები დარღვეულია, ისინი უკანონოდ არიან დევნილნი ან უკანონოდ სხედან ციხეში. კეთილი და პატიოსანი, მაგარამ ამ უკანონობის აღსაკვეთად პარლამენტი არსებითად ახალს ვერაფერს გააკეთებს, თუ, რა თქმა უნდა, სასამართლოს მთლად თავზე არ გადაახტება, თვითონაც უკანონობას არ ჩაიდენს და სასამართლო განაჩენს არ გააუქმებს!

ასო–თა კომისიაში ახლა იმაზეც მსჯელობენ, ამ სიის დამტკიცების შემდგომ როგორ უშველონ ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს. მსჯელობენ, მაგრამ ვერ უპოვიათ რაიმე ჯადოსნური პროცედურა, რაც გამოტანილ განაჩენს შეცვლის. ვერ უპოვიათ და ვერც იპოვნიან, რადგან განაჩენის გაუქმების ან შეცვლის განსაკუთრებული, განსხვავებული პროცედურა პოლიტიკურად დევნილების ან მსჯავრდებულებისათვის არ არსებობს. პირმა, თუ იგი მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი მსჯავრი უკანონოა და მისი უფლებები დაირღვა, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა მას რომელიმე ასო ან თუნდაც პარლამენტი პოლიტპატიმრად, ჩვეულებრივ, დადგენილი საერთო წესის შესაბამისად, უნდა მიმართოს სასამართლოს.

ამ პროცდურის გამოყენება, თუკი მისი უფლებების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, ნებისმიერ პირს დღესვე შეუძლია და ის, რომ იგი პარლამენტმა პოლიტპატიმრად ცნო, არც ამ აუცილებლად გასავლელი პროცედურის გამარტივებასა და მით უმეტეს, არც ამ პროცდურის გარეშე ციხიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს.

ასე რომ, მხოლოდ ამ დადგენილებით, თუ მას რაიმე განსაკუთრებული პროცედურა არ მოჰყვა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა ხვედრი არ მსუბუქდება, უფრო პირიქით - თითქოსდა მორალური მხარდაჭერა, რომ პარლამენტი მათი უფლებების დარღვევას აღიარებს, შესაძლოა უფრო ამძაფრებდეს კიდეც უსამართლო სასჯელით გამოწვეულ ტკივილს.

განსაკუთრებით ჭკვიანი ასო–ები ამ „დელიკატური“ მდგომარეობიდან გამოსავლად სიაში მოხვედრილ პირთა მიმართ ამნისტიის მიღებას გვთავაზობენ. კი გვთავაზობენ, მაგრამ პასუხს ვერ სცემენ ამ გამოსავლის „მიგნებისთანავე“ წამოჭრილ შეკითხვებს: კი, მაგრამ, თუ ამ პირთა უფლებებია დარღვეული და ისინი სასჯელს უკანონოდ იხდიან, ე.ი. მათ არაფერი ჩაუდენიათ ისეთი, რომ საპატიებელი, მისატევებელი იყოს, მაშინ აქ ამნისტია რა მოსატანია?! ესეც არ იყოს, ამნისტია კანონია და შეუძლებელია კანონი კონკრეტული პირების, ე.ი. ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისათვის იყოს მიღებული.

იქნებ, მართლაც რაიმე პროცედურა მოგვეფიქრებინა და სასამართლოსათვის მიემართა პარლამენტს? წარედგინა სია და ამ სიის მიხედვით შესაბამისი ზომების გატარება მოეთხოვა? სიისათვის ამ დატვირთვის მინიჭებაც უაზრობაა, რადგან ვის, თუ არა პარლამენტს უნდა მოეხსენებოდეს, რომ „სიით გასამართლება“ განსხვავებულ, ურთერთდაუკავშირებელ საქმეებზე – ე.ი. სიის მიხედვით მსჯავრის დადებაცა და გამართლებაც შეუძლებელია! სასამართლო ვალდებულია ყოველი საქმე ცალკე განიხილოს და ყოველი პირის მიმართ განაჩენიც ცალკე გამოიტანოს.

მოკლედ, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი თვალსაზრისით და არც უკანონოდ დევნილთა მდგომარეობის გამოსასწორებლად ასოთა თამაშით სასიკეთო არაფერი გამოდის, ხოლო საკუთარ კარში გოლები, იცოცხლეთ, უხვად გაგვაქვს!

სად არის გამოსავალი? როგორ გამოვასწოროთ საქმე და როგორ ვუშველოთ პოლიტიკური ნიშნით დევნილ ადამიანებს?

გამოსავალი ის არის, რომ დრო ფუჭად არ დავკარგოთ – ყოველ ასეთ საქმეზე სასამართლოს დაუყოვნებლივ მივმართოთ და სამართლის აღდგენა მოვითხოვოთ. ეს შეთითხნილი საქმეები მრავლადაა, მაგრამ, როგორც ასო–ები გვიმტკიცებენ, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა თითოეული საქმე შესწავლილი აქვთ და მათ მიმართ უკანონობის ჩადენის მტკიცებულებებიც უხვად მოეპოვებათ.

ჰოდა, რას აყოვნებენ? განა ცხადი არ არის, რომ ყველა გზა მაინც სასამართლოსკენ მიდის და ბარემ, ზედმეტი აჟიოტაჟისა და ფუჭი თამაშის გარეშე, რომელსაც სხვა შედეგი, გარდა გოლების წვიმისა საკუთარ კარში, არ მოჰყვება, დაუყოვნებლივ სასამართლოს მიმართონ?!

რატომ იგრძელებენ და იმრუდებენ გზას? განა ყოველი ზედმეტი დღე, რომელსაც მათ იმედად მყოფი ადამიანი უკანონოდ ციხეში გაატარებს, სამართლის პოვნის გზის გამრუდებისა და გაგრძელების გამო, მათ სინდისზეც არ იქნება?!

სამართლის აღდგენა პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული პირების მიმართ მათ რეაბილიტაციასა და კომპენსაციას აუცილებლად გულისხმობს. სწორედ ამაზე უნდა იფიქროს პარლამენტმა და არა ისეთი საეჭვო სიის შედგენაზე, რომელსაც იმთავითვე აზრი არ ექნება. იქნებ მომზადებულიყო კანონი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ანალოგიურად მოეპყრობოდა სააკაშვილის რეჟიმისაგან უსამართლოდ დევნილთ? ცხადია, ამ ახალ კანონშიც მხოლოდ სასამართლოს ექნებოდა უფლება პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულად ეღიარებინა პირი, ზუსტად ისე, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა მიმართ კეთდება. შესაძლოა ის კანონი, რომელიც მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს შეეხებათ, გავრცელებულიყო არა მხოლოდ სააკაშვილი რეჟიმის, არამედ ნებისმიერი რეჟიმის მიერ უკანონოდ დევნილთა მიმართ?

განა აუტკივარი თავის ატკივებისა და ასო–თა თამაშის ნაცვლად, ასეთი საკანონმდებლო მუშაობა, რისთვისაც არის კიდეც უპირველესად მოწოდებული და შეკრებილი პარლამენტი, უკეთესი არ იქნებოდა?!