საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახა ჩიხრაძემ გააცნეს.
იარაღის საცავის არსებობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მოქალაქემ მიაწოდა. მისი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს. სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არ არის. ქალაქის სამმართველო დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ არსენალის საცხოვრებელ ბინაში მიტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს მსგავსი ფაქტების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.