ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ომს აწარმოებს

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ომს აწარმოებს

რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოებში ევროკავშირის იმიჯის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ომს აწარმოებს და ამ დროს ევროკავშირი პარტნიორების დახმარებას განაგრძობს, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ მურეშანმა​განაცხადა.

„რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იტალიას სამხედროებით და აღჭურვილობით ეხმარება, ევროკავშირი კი 800 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებისთვის გამოყოფს.

ამ თანხის ნაწილი მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

თანხის დარჩენილი ნაწილით ჩვენი პარტნიორები შეიძენენ სამედიცინო აღჭურვილობას, გადაამზადებენ ექიმებს, მცირე და საშუალო ბიზნესს კრიზისის დროს დაეხმარებიან. ძალიან ხშირად კონკრეტული ნაბიჯები უფრო მეტის მთქმელია, ვიდრე სიტყვები.

დღეს ევროკავშირმა მოახდინა დემონსტრირება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ორგანიზაციის პრიორიტეტად რჩება. დღეს არსებული გამოწვევებისა და კოვიდ-19 ის გამო შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირი არ ივიწყებს მეზობლებს.

თანამშრომლობა და სოლიდარობა ჩვენი მთავარი მექანიზმია, რუსეთი კი განაგრძობს დეზინფორმაციას, პროპაგანდას და შიშის დათესვას. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ძლიერ მხარდაჭერად ვრჩებით“, - განაცხადა მურეშანმა.