2013 წლის ნობელის პრემიის მფლობელი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაა

2013 წლის ნობელის პრემიის მფლობელი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაა

"2013 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაა.

ლევიტის თქმით, დაავადების გავრცელება თანდათანობით შეჩერდება. თავისი ჰიპოთეზის დასტურად ლევიტს ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობის ზრდის შენელება მოჰყავს.

როგორც ლევიტი აღნიშნავს, ჩინეთის მსგავსად აშშ-შიც ვირუსის აფეთქება იმაზე მალე გადაივლის, ვიდრე ამას სპეციალისტები ვარაუდობენ.

ლევიტმა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის კვლევა იანვარში დაიწყო. მისი თქმით, აუცილებელია მსოფლიო პანიკას არ აჰყვეს და სოციალური დისტანცია დაიცვას.

მისი სტატისტიკური გამოთვლებით, თებერვალში ჩინეთში კორონავირუსის 80 000-მდე შემთხვევა და 3,250 გარდაცვალება უნდა დაფიქსირებულიყო. მისი პროგნოზი რეალურ მაჩვენებლთან საკმაოდ მიახლოებული აღმოჩნდა. ჩინეთში თებერვლის შუა რიცხვებში ვირუსის 80,298 შემთხვევა და 3,245 გარდაცვალება დაფიქსირდა. მან ასევე თქვა, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, 16 მარტიდან ჩინეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებდა.

„ჩვენ კარგად ვიქნებით“,- განუცხადა მან LA Times-ს.

ლევიტმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია.

„რიცხვები კვლავ ხმაურიანია, მაგრამ ზრდის შენელების მხრივ საკმაოდ კარგი ნიშნები იკვეთება“,- განუცხადა ლევიტმა LA Times- ს და დასძინა, რომ სოციალური დისტანცირება და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეეშალოს.

ლევიტი მედიას ზედმეტ პანიკასა და დაავადებულთა საერთო რაოდენობის ზრდაზე ფოკუსირებაში ადანაშაულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გრიპის, ეს სამყაროს დასასრული არ არის. რეალური ვითარება ისეთი საშინელი არ არის, როგორც ამას წარმოაჩენენ“,- ამბობს ლევიტი.