დავით ზარდიაშვილი: ელის კი მსოფლიო ქრისტიანობა აღდგომას?! ესეც მალე, ერთ-ორ კვირაში, გამოჩნდება....

დავით ზარდიაშვილი: ელის კი მსოფლიო ქრისტიანობა აღდგომას?! ესეც მალე, ერთ-ორ კვირაში, გამოჩნდება....

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

როგორც არასდროს, ხომ ასეთი „ყოვლისმცოდნეა“ მეცნიერება და „ყოვლისშემძლე“ ტექნოლოგიები, მაგრამ კაცობრიობას არა აქვს პასუხი ელემენტარულ კითხვებზე - რითია ავად, როგორ განიკურნოს და უარესიც - ხვალ რა მოელის!

თუ კარგად შევხედავთ, მხოლოდ ეს ჩანს: ეს უცნაური და უცხო ვირუსი, თითქოსდა სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის შიშების, ეჭვების, გაურკვევლობისა თუ უიმედობის და საბოლოო ჯამში - ღვთისგან განდგომილობის, მატერიალიზაცია!

ამ გლობალურ, უპრეცენდენტო კრიზისში, „ყოვლისმცოდნე“ მეცნიერება - თითქოს მჩხიბავობას დაემსგავსა, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, საპირისპიროს. „ყოვლისშემძლე“ ტექნოლოგიები კი იმდენად უძლურია, ყველაზე უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ადამიანები უჰაერობით იხრჩობიან და უბრალო სასუნთქი აპარატების უკმარისობის გამო ვერაფერს შველიან!

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კაპიტულაციაა, როცა ზე-მძლავრ სახელმწიფოებსაც კი, სხვა რაიმე იარაღი, გარდა „დარჩი სახლში!“-სა ფაქტიურად ჯერ კიდევ არა აქვთ.

არნახული მოვლენის მომსწრენი ვართ: ტოტალურმა და გლობალურმა შიშმა, ეჭვმა, გაურკვევლობამა თუ უიმედობამ - ადამიანთა უდიდესი ნაწილი საკუთარ სახლში გამოკეტა, განაშორა ერთი-მეორეს, საქმეს, ყოველდღიურ საზრუნავს და ამ საზრუნავთან დაკავშირებულ უფლებებსა თუ მოვალეობებს!

მაგრამ ამ ისტორიულად არნახულ მოვლენას მეორე მხარეც აქვს - ქრისტანებისთვის ახლა დიდი მარხვაა!

გამაოგნებელია, როგორც არასდროს, ისე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს, ადამიანთა მოდგმა, მთელი კაცობრიობა, მიუხედავად აღმსარებლობისა, თითქოს მარხულობს, როგორც არასდროს უმარხულია! მარხვა სულიერების გამო ხორციელზე უარია, მაგრამ არა მხოლოდ გასტონომიულად, არამედ ყველა თვალსაზრისით. გარეგნულად ეს ხდება - მთელს მსოფლიოში, გასტრონომიულად არა, მაგრამ ლამის მთლიანად შეჩერდა ცოდვის სუპერ-ინდუსტრია - დაიკეტა სიძვის სახლები, კაზინოები, ტოტალიზატორები, რესტორნები, ბარები, კაფეები, შეიზღუდა კოლექტიური მემთვრალეობა, თავაწყვეტილი დროსტარება, ღრეობა, თვით სპორტული შეჯიბრებები და მასობრივი სანახაობები, რაც ასევე ჟინისა და ვნებების გამძაფრებით, ე.ი. ცოდვათა ინტენსიფიკაციით, შოულებნენ იმას, რაც ღმერთად იქცა თანამედროვე „საშუალო სტატისტიკური“ ადამიანისთვის - ფულს! ხოლო როცა ფული ღმერთადა ცხადდება, იგი უკვე ეშმაკის ნიშანია!

ბაბილონენლი მეძავი, რასაც სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა მსოფლიო, თითქოს გაქვავდა და გაშეშდა!

ფიზიკურადაც - ასეთი მასშტაბური განწმენდა დედამიწის ატმოსფეროსი, დაწყებული ინდუსტრიალიზმის გაბატონებიდან, ვიდრე დღემდე - ისტორიას არ ახსოვს!

მაგრამ რა ბედენაა ქრისტიანისთვის მარხვა, თუ იგი აღდგომას არ ელის?! მარხვა მხოლოდ მას განწმენდს, ვინც აღდგომას ელის - იმედს, რწმენასა და სიყვარულს არ მიუტოვებია!

ელის კი მსოფლიო ქრისტიანობა აღდგომას?! ესეც მალე, ერთ-ორ კვირაში, გამოჩნდება....

მანამდე კი, ამ დიდ მარხვაში, გულისშემძვრელი იყო რომის პაპის წმინდა პეტრეს მოედანზე, უფლის პირისპირ მარტოდ, აღვლენილი მესა: მსგავი ისტორიას არ ახსოვს და სრულიად წარმოუდგენელი სასწაული მოხდა: მთელი კათოლიკური სამყაროს და მისი დაკეტილი ეკლესიის სახელით, პონტიფიკოსი მარტოდმარტო ევედრა ღმერთს, მოეხედა ამ სენით ტანჯული მსოფლიოსთვის, ავადმყოფებისთვის, ექიმებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მეცნიერებისა თუ ტექნოლოგებისთვის, ყოველი ადამიანისა და სრულიად კაცობრიობისთვის, რომელსაც ბედისწერად ექცა და პაპმა სწორედ ესა თქვა - ღმერთისგან მიტოვება! „ნუ მიგვატოვებო“ - ევედრებოდა მარტო, თითქოსდა შეძრწუნებული, დაკეტილი ეკლესიის ფონზე! სულისშემძვრელია!

ღმერთო, ნუ მიატოვებ კათოლიკეებს და შეუნდე, მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულებმა ეკლესია დაკეტეს! ნურც ყველაზე მეტად ცოდვილსაც ნუ მიატოვებ!

ჩვენს ქვეყანაში ეკლესია არ დაიკეტა და არც არასდროს დაიკეტება!

ველით აღდგომას და იგი გარდაუვალია!

ღმერთმა ნუ ქნას, აღდგომაც განსაცდელად იქცეს, რადგან, „სახლში დავრჩებით“ აღდგომამდე, მაგრამ აღდგომას ამას ვერავინ ვერავის ვერცა სთხოვს და მით უმეტეს, ვერც უბრძანებს!

ამ ვირუსს - შიშის, ეჭვის და უიმედობის მატერიალიზაციას, რაც ფიზიკურად საფრთხეა, უეჭველია - უნდა მოვერიდოთ და დავრჩეთ სახლში. მაგრამ, აღდგომას როგორღა მოვერიდებით?! იმედია, ღმერთი არ მიგვატოვებს. აღდგომისას, ღვთის შეწევნით და აღდგომის სასწაულით, ვირუსმა უკან უნდა დაიხიოს ან სულაც უნდა გაქრეს!

უფლისა მიმართ ვილოცოთ -

"...ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან..."