კომპანიამ „ჯი თი გრუპი“ გამგეობებს ნობათები გადასცა

კომპანიამ „ჯი თი გრუპი“ გამგეობებს ნობათები გადასცა

კომპანიამ „ჯი თი გრუპი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა კამპანიაში ჩართულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, „ჯი თი მოტორსმა“ დედაქალაქის მერიას დროებით სარგებლობაში ავტომანქანა გადასცა, რომლითაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს პროდუქცია დაურიგდებათ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.