თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გაავრცელა.

მისი თქმით, თურქეთში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 92 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, ბოლო დღე ღამის განმავლობაში თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2069-ით გაიზარდა და 5698 შეადგინა.

კოჩას თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება. მისივე ინფორმაციით, თურქეთს უკვე აქვს მობილიზებული მილიონზე მეტი სწრაფი ტესტი.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება არ ავრცელებს ცნობას, თუ რომელ ქალაქებში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მოქალაქეები დატოვებენ იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია და ამით ხელს შეუწყობენ ვირუსის ფართო გავრცელებას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან თურქეთში შიდა გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შიდა ფრენების რაოდენობა შემცირდება, ხოლო საქალაქთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეწყდება.