საფრანგეთში იზოლაციის გამოცხადების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

საფრანგეთში იზოლაციის გამოცხადების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იზოლაციის გამოცხადების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ კრისტოფ კასტანერმა France2-ის ეთერში ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, ჟანდარმერიის პასუხისმგებლობის ზონაში ოჯახური ძალადობის ფაქტები 1 კვირაში 32%-ით გაიზარდა, პარიზში კი, რომელიც დედაქალაქის პოლიციის პასუხისმგებლობის ზონაა, ამ მაჩვენებელმა კვირაში 36%-ს მიაღწია.

კასტანერმა აფთიაქებს დაავალა, შექმნან სისტემა, რომლის დახმარებითაც ქალები ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინებენ.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსს 1696 ადამიანი ემსხვერპლა, 29 155 კი ინფიცირებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.