პატარძალი პანაშვიდზე

პატარძალი პანაშვიდზე

ალბათ, კიდევ დიდხანს ისაუბრებენ, თუ რა მოხდა და რა არ მოხდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. მოსაზრებები, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება; შეფასებები საქმიანობის ყველა სფეროს შეეხება; ცხადია, ექსპერტები და სპეციალისტები თავის სიტყვას იტყვიან, მაგრამ ყველაზე მეტყველ საბუთად, საბოლოო ჯამში, მაინც ფაქტები დარჩება.

მე, როგორც სპეციალისტი, არქიტექტურასა და მშენებლობას შევეხები. მავანნი იტყვიან, რომ ეს თემა, არსებული სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების ფონზე, მეორეხარისხოვანია, მაგრამ მერწმუნეთ - არქიტექტურა, ცივილურობისა და მსოფლმხედველობის დარად, ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

რვა წლის განმავლობაში არქიტექტურული ფანტაზიები იმ ადამიანთა გონებაში იბადებოდა, რომლებსაც ამ დარგში არანაირი პროფესიული ცოდნა, უნარი და გამოცდილება არ გააჩნდათ, მაგრამ ჰქონდათ დიდი ძალაუფლება და ფული მათი განხორციელებისთვის.

არ დავმალავ – დიდად სასიამოვნო ემოციებს არ განვიცდი იმის გააზრებით, თუ რა მოხდა არქიტექტურის სფეროში ბოლო პერიოდის განმავლობაში; არც იმის სურვილი მაქვს, კრიტიკის ქარცეცხლში გავატარო რეფორმატორები, რომლებმაც საქართველო კრიზისამდე მიიყვანეს. ჩემი მიზანია, გავარკვიო რა დაემართა ქვეყანას, რომლის მოქალაქეებშიც დემოკრატიზმი და ურთიერთპატივისცემა გენგტიკურ დონეზეა ჩადებული – რატომ განხორციელდა ამდენი ალოგიკური პროექტი და რატომ ყავდა ამ გაუგებრობას ასეთი დიდი რაოდენობით მხარდამჭერი?! ამის გარკვევამ, შესაძლოა, სამომავლო შეცდომები აგვაცილოს თავიდან.

რა ვუყოთ ახალ პროექტებს? რამ წარმოშვა არქიტექტურა, რომლის დაუსრულებელი პრეზენტაციები სახელმწიფო საქმიანობის რანგში იყო აყვანილი? როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თანამდებობები არა პროფესიული ვარგისიანობის, არამედ პარტიული კუთვნილებისა და ერთგულების ნიშნით რიგდებოდა. ფაქტია - პოლიტიკური შეხედულებები და ერთგულება პროფესია არ არის. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, უმაღლესი კლასის სპეციალისტების აზრიც კი ვერაფერს შეცვლიდა - ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ.

ყველაფერი, რაც ბოლო წლებში აშენდა, კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა, ყველა პროექტში მოიძებნება „მაგრამ“.

არ ვიცი, რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ მე პირადად, მომწონს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ავტოსალონის, ან აკვაპარკის სადარი გამჭვირვალე კონსტრუქციის შიგნით ასეთი სერიოზული და ავტორიტეტული უწყებაა განთავსებული. საქორწინო კაბა ულამაზესი სამოსია, მაგრამ მას პანაშვიდზე არ იცვამენ. შენობის გარეგნობაში მისი ფუნქციონალური დანიშნულება უნდა ჩანდეს - ეს აქსიომაა, რომელზეც არქიტექტორები არ ვკამათობთ. იგივე ითქმის იუსტიციის სახლზეც. ეს ორი შენობა სტილისტურად სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მათი საპროექტო გადაწყვეტა იდენტურია – ჩვეულებრივი კოლოფის გარშემო აგებული ლამაზი გარსი, ერთგვარი ნოუჰაუ, რომელიც ახირებული გემოვნებისა და არქიტექტურული გაუნათლებლობის შედეგია. ვის მოუვიდა ეს აზრი თავში? რატომ მივიდნენ შეკვეთის მიმღები სპეციალისტები ამგვარ გადაწყვეტილებამდე და რატომ არავინ გამოჩნდა, ვინც ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებდა?! პასუხი ცხადია - რადგან ხელისუფლებას ასე უნდოდა. ყველა გადაწყვეტილება ქვეყანაში სწორედ ამ პრინციპით მიიღებოდა.

ვინმეს თუ გინახავთ ხიდი ფუნქციონალური დატვირთვის გარეშე? აღარაფერს ვამბობ გაუგებარ ძეგლებსა და შადრევნებზე, რომლებსაც ადგილიდან ადგილზე დაათრევდნენ. ხელისუფლების რიტორიკით, ყოველივე ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობისთვის კეთდებოდა. მაგალითად შეგვიძლია ჩინეთი მოვიყვანოთ, სადაც ოლიმპიადის სამზადისში მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ნაგებობები აღმართეს, თუმცა, მილიონობით ტურისტი, რომელიც ქვეყანას ყოველწლიურად სტუმრობს, ახალი არქიტექუტურით დიდად არ ინტერესდება - თანამედროვე კონსტრუქციების ლითონსა და მინას მათ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ძეგლები ურჩევნიათ.

რატომ გადავიდა საქართველოში ისტორიული ფასეულობები მეორე პლანზე და რატომ გაკეთდა მთავარი აქცენტი ქვეყნის სრულიად ახალი იერსახის შექმნაზე? ჩემი აზრით, მიმზიდველი იერის მისაღებად, ამ სახეს კიდევ რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდება. რა საჭიროა ფსევდოამერიკანიზაცია იქ, სადაც უკვე არსებობს ადგილობრივი ტრადიცია?! უზომოდ გამეხარდება, თუკი ამერიკანიზაცია ჩვენში ადამიანის უფლებებს, სოციალურ სფეროსა და ეკონომიკას შეეხება, მაგრამ რატომ უნდა გავანადგუროთ ეროვნული ტრადიციები - ყველაფერი ის, რაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოსთვის სიამაყის საგანია. კითხეთ ნებისმიერ აქ ნამყოფ უცხოელს, რამ დააინტერესა საქართველოში ყველაზე მეტად; ის გიპასუხებთ, რომ უმთავრესი მიმზიდველობა სწორედ ტრადიციებია - მათი გამოხატულება ცეკვაში, სიმღერაში, სუფრაზე და თუნდაც, თბილისის საკოლმეურნეო ბაზარში, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

უგუნური არქიტექუტურული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მაგალითად ფოთის რკინიგზის სადგურის ისტორია შემიძლია მოვიყვანო. ორგანიზაცია „საქპროექტარქიტექტურამ“ ფოთის სადგურის კონკურსში გაიმარჯვა. სადგურის ძველი შენობა უკვე უვარგისი იყო, ხოლო მისი გამტარუნარიანობა თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სადგურის ახალი პროექტი უმოკლეს ვადაში დამუშავდა, მაგრამ, ზემოდან დირექტივა მოვიდა – ძველი შენობა ისტორიული ღირებულებისაა და ნაწილობრივ მაინც უნდა შეინარჩუნოთო! ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან ერთად კომისია შეიქმნა. კვლევით დადგინდა, რომ ძველი სადგურის საძირკველი გრუნტის წყლებამდე იყო ჩასული და, ბუნებრივია, ვეღარ შენარჩუნდებოდა. დარჩა ერთადერთი ვარიანტი – ძველი ნაგებობის დემონტაჟი და, სპეციფიური გეოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, მის ადგილას, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სადგურის აშენება.

სწორედ ამ დროს, რკინიგზის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს - ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკის თაყვანისცმელი მიხეილ სააკაშვილის საამებლად, (არ ვიცი, პრეზიდენტმა ამის შესახებ თუ იცოდა რამე) მათ ფოთის ძველი სადგურის ადგილას, ვაშინგტონის თეთრის სახლის მომცრო დუბლიკატის დაპროექტება მოითხოვეს. გამოდიოდა, რომ ფოთის სადგური, 1792 წლის კონკურსში გამარჯვებული ჰაბონის პროექტის მიხედვით უნდა აგვეშენებინა. ამაო იყო არქიტექტორების ახსნა–განმარტება იმის თაობაზე, რომ გაბარიტებით, პროპორციებითა და ფუნქციური დანიშნულებით, თეთრი სახლი არანაირად არ შეესაბამებოდა ფოთის სადგურის მოთხოვნებს. გაჭრა მხოლოდ ერთმა ფაქტორმა - რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ამერიკელებისთვის შეურაცმყოფელი იქნებოდა! გადაწყვეტილება შეცვალეს, მაგრამ, სამწუხაროდ – დროებით! გამოსავალი, როგორც ჩემთვის ცნობილია, გენერალურა პროკურორმა, ადეიშვილმა მონახა: მისი აზრით, ფოთის სადგურისთვის ისეთი სახე უნდა მიგვეცა, როგორიც თეთრი სახლს ეზოს მხრიდან აქვს. აქედან გამომდინარე, ფოთის სადგურზე მოხვედრის შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტს თავი თეთრი სახლის ეზოში ეგონება.

თავის დროზე, სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ კვალიფიციური არქიტექტორები არ გვყავს, სერიოზულად არ აღმიქვამს. განცხადება ერთია, მაგრამ შემდგომმა ნაბიჯებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტი მთავარ არქიტექტორადაც მოგვევლინა. თავის სიტყვებში დაჯერებულმა პირველმა პირმა, ფაქტობრივად, სამხატვრო საბჭოს ფუნქციები აიღო ხელში! დღეს, ბევრი რამ უკვე წარსულ დროში განიხილება და ღიმილს გვგვრის, მაგრამ რა ვუყოთ ახალ შენობებს? ბევრ მათგანს შეიძლება პროფილი შეუცვალო და იერსახე გაუკეთილშობილო. კვერცხებზე შემოლაგებულ „შლოპანცებს“ მოფარებულ ადგილას გადაიტან, მაგრამ რას უშველი ბაგრატის ტაძარს, ან, აღმაშენებლის პროსპექტს თბილისში? ან იმათ, ვინც „ზნიეპის“ რეკონსტრუქციისა და ქუთაისის მემორიალის დემონტაჟისას დაიღუპა?

წლების განმავლობაში დაგროვილ სათქმელს, ბუნებრივია, ერთ სტატიაში ვერ ჩატევ. ფაქტია, ბევრი რამ გამოუსწორებლად გაფუჭდა, გაკეთილშობილება კი დიდ ფულს მოითხოვს. რა შეიძლება გაკეთდეს სიტუაციის ნორმალიზებისთვის? ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამაჩნია - ყველამ ვაკეთოთ ის, რაც კარგად ვიცით და ძალიან მალე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.