მოსკოვის მერმა მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო თავი შეიკავონ რელიგიური ობიექტების მონახულებისგან

მოსკოვის მერმა მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო თავი შეიკავონ რელიგიური ობიექტების მონახულებისგან

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, თავი შეიკავონ რელიგიური ობიექტების მონახულებისგან.

„მესმის მორწმუნეების გრძნობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაჟინებით გირჩევთ და გთხოვთ, ამ დღეებში თავი შეიკავოთ რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“, - დაწერა მოსკოვის მერმა თავის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველა მაღაზია დაკეტილი იქნება.

„2020 წლის 28 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით დროებით შეჩერდება საცალო ვაჭრობის ყველა ობიექტის მუშაობა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო ქსელებს, სასურსათო მაღაზიებსა და პირველადი საჭიროების საქონლის მაღაზიებს“, - განაცხადა მოსკოვის მერმა.

25 მარტს მოსკოვში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 29 გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.