დათო გამცემლიძე: დავუჯეროთ ამ ჩვენს შესანიშნავ „სამ მუშკეტერს“, მათ იციან ყველაზე მთავარი: ქართველები არ არიან კორეელები! ხოლო ჩინელები.......არ სვამენ „მიტოვებული საფლავების“ სადღეგრძელოს

დათო გამცემლიძე: დავუჯეროთ ამ ჩვენს შესანიშნავ „სამ მუშკეტერს“, მათ იციან ყველაზე მთავარი: ქართველები არ არიან კორეელები! ხოლო ჩინელები.......არ სვამენ „მიტოვებული საფლავების“ სადღეგრძელოს

ფეისბუქ-მომხმარებელი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მოკლედ.....რაც ეს ოხრობა დაიწყო, რა აღარ წავიკითხე. ალბათ ასამდე სტატია - როგორც მედიაში, ასევე სამეცნიერო გამოცემებში..... ქართულად, რუსულად, ინგლისურად. სხვა ენები არ ვიცი, თორემ წავიკითხავდი.

ჰოდა, ბოლო დრომდე სულ მიკვირდა, რატომ გამოიწვია ამ ვირუსმა ასეთი რეაქცია მთელს მსოფლიოში მაშინ, როდესაც „ჩვეულებრივი გრიპით“ შეუდარებლად მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში?

გრიპსაც რომ თავი დავანებოთ HIN1 და H5N1 სიკვდილიანობა ბევრად მაღალი იყო, - - - MERS (Middle East respiratory syndrome) სიკვდილიანობა 40%-ს აღწევდა, SARS (Severe acute respiratory syndrome-related coronavirus, SARS-CoV) ასევე მაღალი პროცენტი ჰქონდა სიკვდილიანობის......

მაშ რატომ აქვთ ამ დღეებში ასეთი შეშფოთებული სახეები გენიალურ მეცნიერ-ეპიდემიოლოგებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან და კლინიკებიდან, რომლებიც დილიდან-საღამომდე გამოდიან CNN, BBC, DW FOXNews ეთერებში? ასეთი რამ, რაც ახლა ხდება მედიაში, ხომ არ გვახსოვს არასდროს არავის?

მე მგონი, ბოლოს და ბოლოს მივაგენი ამ „უცნაურობის“ ახსნას:

მეცნიერები ნებისმიერი ვირუსის ორ მთავარ ნიშანს გამოჰყოფენ. ესაა 1) კონტაგიოზურობა ანუ გადაცემის, გავრცელების უნარი ესე იგი „გადამდებობა“ და 2) ვირულენტურობა ანუ ადამიანის ორგანიზმის დაზიანების უნარი.

დავიწყოთ ვირულენტურობით: ყველა ზემოთხსენებული ვირუსი ბევრად დამაზიანებელი იყო. ამიტომაც ჰქონდათ სიკვდილიანობის ბევრად მაღალი პროცენტი, ვიდრე ვირუს Cov-2-ს, რომელიც იწვევს დაავადება Covid-19-ს.

ამ უკანასკნელის სიკვდილიანობა „სულ რაღაც“ 4,5%-ია.

ოღონდ მეორე ნიშანს თუ დავაკვირდებით, ესე იგი კონტაგიოზურობას, ამ ვირუსს აღმოაჩნდა ერთი მზაკვარი თვისება, რომელიც არ ჰქონდათ ან ნაკლებად ჰქონდათ ადრინდელ ვირუსებს: საქმე ისაა, რომ ისინი სიმპტომებს ავლენდნენ უმალ, მაქსიმუმ მეორე-მესამე დღეს, ანუ ადამიანს უეცრად ეწყებოდა 39-40 გრადუსი სიცხე და მართლა იდიოტი უნდა ყოფილიყო ან თავად ან მისი ახლობლები, დაუყოვნებლივ არ „შემოეკრათ“ განგაშის ზარი.

ამჟამინდელ ვირუსს კი შეუძლია 10-14 დღე იყოს „დაყურსული“ ადამიანის ორგანიზმში, საერთოდ არ ავლენდეს სიმპტომებს, ან ძალიან სუსტ სიმპტომებს ავლენდეს, ან კიდევ უარესი, შეუძლია იყოს ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმში და ისე გაქრეს მისი ორგანიზმიდან, რომ ადამიანი საერთოდ ვერ მიხვდეს, ავად თუ იყო,

მაგრამ.....მთელი ამ 10-14 დღის განმავლობაში ადამიანი ხომ მოძრაობს? ვიღაცას ხვდება, ვიღაცას ხელს ართმევს, მოხუცებულს გადაეხვევა, ან სუსტი იმუნური სისტემის ადამიანს შეხვდება.....თანაც ეს „ოხერი“ ზედაპირზე უფრო დიდხას ძლებს.....მზაკვარი ვირუსი SARS CoV-2 ზუსტად ამას (სოციალურ აქტივობას) ელოდება, რომ ჯანმრთელი ორგანიზმიდან სუსტში „გადახტეს“, ესე იგი ძლიერები, მათდაუნებურად, აავადებენ სუსტებს ისე, რომ ამას ვერც ხვდებიან.......შესაბამისად, დაავადებულთ რიცხვიც იზრდება გეომეტრიული პროგრესიით: 1-10-100-1000......აქ უკვე იწყება კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, სოციალური დისტანცია, მაგრამ შეკავება უკვე რთულია......

.........................................................

დავუბრუნდეთ ციფრებს: SARS და MERS კონტაგიოზურობა (ადამიანთა პოპულაციაში გავრცელების უნარი) ბევრად ნაკლები იყო. მათ შორის ახსნილი მიზეზით. ამიტომაც, მაგალითად, SARS 8 000 შემთხვევიდან 800 ადამიანი გარდაიცვალა. ესე იგი 10%. მაგრამ დაავადებულთა სრული რაოდენობა რამდენი იყო დავაკვირდეთ: სულ 8 000! მთელს მსოფლიოში.

.........................................................

ახლა მეორე კუთხით შევხედოთ პრობლემას: ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „რა გაჭირეთ საქმე, შარშან ჩვეულებრივი გრიპით ამერიკაში 35 000 ადამიანი მოკვდაო“.

თითქოს ლოგიკურია არა? ოღონდ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აქ უკვე მთავარი ის კი არ არის, რამდენი მოკვდა, არამედ ის, რამდენ პროცენტს შეადგენდა ლეტალობა (სიკვდილიანობა) დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან..

შარშან ამერიკაში ორმოცმა მილიონმა ადამიანმა გადაიტანა „ჩვეულებრივი გრიპი“. რამდენი პროცენტი გამოდის სიკვდილიანობა? 0.09%!!! ანუ ერთი მეათედიც კი არ არის.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ Covid-19-ით დაავადდა ასევე 40 მილიონი ამერიკელი (რაც სრულებით შესაძლებელია) და მივუსადაგოთ მას ის 4,5% სიკვდილიანობის, რაც ამ ახალ კორონავირუსს ახასიათებს. რამდენი ამერიკელი მოკვდება? 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი!). და ეს მხოლოდ ამერიკაში.

ახლა კი „გავაგლობალუროთ“ ეს ანალიზი და მოვახდინოთ მისი ექსტრაპოლირება მთელს პლანეტაზე: შარშან მსოფლიოში, დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი დაავადდა გრიპით. გარდაიცვალა 720 000 (შვიდას ოცი ათასი), მაგრამ თუ ამ ახალი კორონათი ასევე 800 000 000 ადამიანი დაავადდება.....რამდენი გარდაიცვლება? 36 000 000 (ოცდათექვსმეტი მილიონი!!!)

ეს უკვე „ისპანკასთან“ შედარებადი ციფრია. და XIII-XIVსს „შავ ჭირთან“ შედარებადია მთელს ადამიანურ პოპულაციასთან მიმართებაში.

.........................................................

ამიტომაც...... მეგობრებო, მოდით რა, დავუჯეროთ ამ ჩვენს შესანიშნავ „სამ მუშკეტერს“, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გვაქვს შანსი „ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის“ დარად გადავავადოთ (!-არა თავიდან ავიცილოთ, არამედ გადავავადოთ) როგორმე ეს საშინელება იმის იმედად, რომ გენიალური დასავლეთი მოასწრებს ვაქცინის გამოგონებას.

დავუჯეროთ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და „საქმე იციან“.

აი „პატარა“ მაგალითი მათი მაღალი პროფესიონალიზმისა: რატომ იყვნენ და არიან წინააღმდეგნი (მიუხედავად უმეცარი და უპასუხისმგებლო პოპულისტების „პრესისა“) ე.წ. „სწრაფი ტესტების“? რატომ აყოვნებდნენ ყველანაირად მათ მასობრივ შემოტანას? განა არ იცნობენ ჩინურ გამოცდილებას? ტაივანის გამოცდილებას? სამხრეთ კორეის გამოცდილებას?

მაგრამ ისინი ხომ ქართველები არიან და.......შესანიშნავად იცნობენ ქართველებს!

როგორ მოიქცევა ჩვეულებრივი ქართველი, ე.წ. „თბილისელი ტიპი“, „უბანში გაზრდილი“ როგორც კი ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოვა ეს ე.წ. „სწრაფი ტესტები“, რომელთა ცდომილება 10-15%-ია („ლუგარისა“ - 0,8%)?

ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, როგორც მოიქცევა: ერთხელ რომ დააცემინებს, დაურეკავს ვინმე თავის უბნელ ბავშვობის ძმაკაცს, ყველგან რომ ჰყავს ნაცნობები და სთხოვს: „ეს სწრაფი ტესტი მიშოვეო“, ისიც ჩერეზ-ჩერეზ-ჩერეზ, ნაცნობობით, „ჩაწყობით“ უშოვის ამ ტესტს.

მერე დაურეკავს თავის მეზობელ უროლოგს და ეტყვის: „კი აკრძალა სახელმწიფომ სახლის პირობებში ამ ტესტის ჩატარება, მაგრამ შენ ხომ ექიმი ხარ, მოდი გამიკეთეო“. ისიც, რასაკვირველია, ვერ „გაუტეხავს“ და მეზობლობა-ახლობლობა-საახალწლოდ ოჯახებით გადასვლა-გადმოსვლა-დედმამიშვილების სადღეგრძელოს პონტში გაუკეთებს ამ ტესტს.

ტესტი მისცემს უარყოფითს (აკი თქვა პაატა იმნაძემ: იყო შემთხვევა, მეცამეტე დღეს (!) მივიღეთ დადებითი პასუხიო) და რაკი უარყოფითი პასუხი ექნება, ჯერ იმ უროლოგთან ერთად დათვრება მაგრად, მერე..... აკი არა მაქვსო და.....ჰაიდა.....

.........................................................

ამიტომაც, დავუჯეროთ პროფესიონალებს. მათ იციან ყველაზე მთავარი: ქართველები არ არიან კორეელები! ხოლო ჩინელები.......არ სვამენ „მიტოვებული საფლავების“ სადღეგრძელოს."