"საქართველო - კიდევ ერთი გამოცდა ადამიანის უფლებებში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებს. სტატია ერთგვარი პასუხია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, როდესაც მან "ვაშინგტონ პოსტ"-ის რედაქცია მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ პროდასავლურ კურსს უღალატა. ჟურნალისტის ყურადღების მიღმა არც თედო ჯაფარიძის ინტერვიუ რჩება, სადაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქეთრინ ეშტონის 3-საათიანი ვიზიტი მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "წარსულში პრო-ამერიკული და დემოკრატიული ქვეყანა ახლა კრიმინალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა." - წერს "ვაშინგტონ პოსტი".