ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში გარკვეული სირთულეები დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, დღეს ეს აღმოფხვრილია

ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში გარკვეული სირთულეები დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, დღეს ეს აღმოფხვრილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეები ბოლნისსა და მარნეულში აღმოფხვრილია. როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იზოლაცია ორივე რეგიონში უზრუნველყოფილია.

„საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი. ჩვენი თანამოქალაქეები ამ ორივე რაიონში მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში. აქვე მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ეს ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისთვის და მთლიანად, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.