სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახური იუწყება, მისალოც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მეგობრული ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის ეფუძნება მდიდარ ისტორიულ ტრადიციას და გამოირჩევა ორმხრივი ნდობითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ღრმა გრძნობით.
„მე ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ თბილ პირად ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი თანამშრომლობის რესურსი, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.
ცნობისათვის, დღეს, 19 მარტს გიორგი გახარია იუბილარია, საქართველოს პრემიერი 45 წლის გახდა.