რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთან ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს. "მე არაერთხელ მითქვამს, რომ ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, მიხეილ სააკაშვილია. მან დაიწყო ომი და ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის და სხვა ერების წინაშე, რომელთა მოქალაქეების სიკვდილშიც მას მიუძღვის ბრალი. მოქმედი პრემიერ-მინისტრი სხვა თაობის პოლიტიკოსია და მის რეალურ ქმედებებს დავაკვირდებით. მოდის გარკვეული სიგნალები, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დალაგება, მაგრამ ჯერ დიპლომატიურ დონეზე საუბარი არ არის. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არა რუსეთმა, არამედ საქართველომ გაწყვიტა. ჩვენ ამ სიგნალებს ყურადღებით მოვეკიდებით. ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით", - განაცხადა მედვედევმა.