საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასწორი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვა, მიერთების სამუშაოების არაჯეროვანად შესრულება.
სემეკში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი-პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კომისია რეალურ დროში აკონტროლებს რეგულირებადი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად კომისიამ გადაამოწმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ცალკეული ინფორმაცია, კერძოდ 31 ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების შესახებ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიერთების თაობაზე ჟურნალში მოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. შესაბამისად კომპანიას დარღვევების გამოსწორების მიზნით განესაზღვრა ერთი თვე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ერთ თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ახალი მომხმარებლის მიერთებისას ელექტრონულ ჟურნალში კვლავ ასახა მცდარი ინფორმაცია, ასევე ქსელში გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური დარღვევები.
კომისიის გადაწყვეტილებით, გარდა დაჯარიმებისა, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა.