კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის რესტორნებში ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის რესტორნებში ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა

საუდის არაბეთის კაფეებსა და რესტორნებში ჩილიმის და თამბაქოს მოწევა აიკრძალა. ამის შესახებ Al Arabiya წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა. ქვეყნის მუნიციპალური და სოფლის საკითხების მინისტრის თქმით, ამ ზომამ ინფექციის გავრცელება უნდა შეაჩეროს.

„ყველა მუნიციპალიტეტის, მათ შორის დედაქალაქის კაფეებსა და რესტორნებში ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა. ეს ზომა მოქალაქეების და მაცხოვრებლების ჯანმრთელობას კორონავირუსისგან დაიცავს“, - განაცხადა მან.

ახალი წესების დაცვას სპეციალური ინსპექტორები გააკონტროლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.