ზვიად ავალიანი: ვირუსი ყოველგვარი რევერანსების გარეშე ამოწმებს ვის რამდენად ჯანსაღი სხეული აქვს და შესაძლოა ასევე იმასაც, ვის რამდენად ჯანსაღი სული უდგას...

ზვიად ავალიანი: ვირუსი ყოველგვარი რევერანსების გარეშე ამოწმებს ვის რამდენად ჯანსაღი სხეული აქვს და შესაძლოა ასევე იმასაც, ვის რამდენად ჯანსაღი სული უდგას...

ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში წერს:

ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა საკუთარ მიკრობლოგზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც ლიბერალური მედია შეეცადა პრეზიდენტისთვის საერთო-სახალხო დაცინვა მოეწყო, თუმცა ამით მხოლოდ თავად (უკვე მერამდენედ!) ჩაიგდო თავი სასაცილო მდგომარეობაში, რადგან ამ განცხადების გაბაიბურება არც ისე ადვილია და საერთოდ, პირადად მე, ე წ კორონავირუსთან და მის ირგვლივ განვითარებულ გლობალურ ისტერიასთან დაკავშირებით ტრამპის პოსტზე უფრო ადეკვატური ჯერ დასავლელი პოლიტიკოსებისგან არაფერი მსმენია

მოკლედ და კონკრეტულად ტრამპმა უბრალო, ადამიანური გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ გასულ წელს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში "ტრადიციული" გრიპით 37 000 ადამიანი დაიღუპა, მედიას არავითარი განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია (უფრო სწორად, საერთოდ არ შეუმჩნევია ეს ამბავი), ხოლო წელს, ე წ კორონავირუსით გარდაცვალების 22 შემთხვევა მედიაში ლამის ნაციონალურ თუ ინტერნაციონალურ კატასტროფად წარმოჩნდა.

საინტერესოა რატომ?

ტრამპი მხოლოდ კითხვას სვამს. მე კი თავს უფლებას მივცემ ჩემი პასუხი შემოგთავაზოთ, რომელიც შეიძლება ძალიან მარქსისტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

მოკლედ, ჩემი აზრით მსოფლიო მასმედია დღეს პანიკაშია არა იმის გამო რომ ამ ვირუსს რამე განსაკუთრებული სიკვდილიანობა ახასიათებს, არამედ იმის გამო რომ ახალი კორონა, ისევე როგორც ნებისმიერი ახალი შტამი ვაქცინის გამოგონებამდე რეალურად ანგრევს კლასობრივ იერარქიას რადგან მის წინაშე ფაქტობრივად ყველა თანასწორია - მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი, სულიერი ლიდერი და ჩვეულებრივი ე წ "ბომჟი" აბსოლუტურად თანაბარ პირობებში ხვდებიან ამ ვირუსს რადგან მედიცინისთვის ჯერ ჯერობით უცნობ შტამთან ბრძოლაში ვერ გიშველის ვერც ფული, ვერც თანამდებობა, ვერც კავშირები და ვერც ავტორიტეტი.

აქედან გამომდინარე აქ თითოეული ადამიანი აბსოლუტურად გაშიშვლებულია და მარტო რჩება საფრთხის პირისპირ, ხოლო ვირუსი ყოველგვარი რევერანსების გარეშე ამოწმებს ვის რამდენად ჯანსაღი სხეული აქვს და შესაძლოა ასევე იმასაც, ვის რამდენად ჯანსაღი სული უდგას...

ერთი სიტყვით, ეს არის ნამდვილი ლატარეა სიკვდილთან, რაც თავისთავად, რასაკვირველია, სულაც არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ბურჟუა მენტალობა, რომლითაც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია მასმედიის უდიდესი ნაწილი, შოკში ვარდება მხოლოდ იმის წარმოდგენითაც კი, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც შეიძლება ფულმა ვერ გიშველოს და ის უბრალოდ ქაღალდის დასტად იქცეს. ბურჟუა მენტალობისთვის საერთოდ დამანგრეველია იმის დაშვებაც კი, რომ ზოგჯერ სიცოცხლეს ფულით ვერ იყიდი და ვერც კონსტიტუცია მოგცემს სიცოცხლის უფლების გარანტიას.

აი, ეს არის ჩემი აზრით დღეს მედიაში ატეხილი აურზაურის მთავარი მიზეზი, რასაც აგრეთვე ემატება ისიც რომ თავისთავად სიცოცხლესთან და სიკვდილთან ჩვენი დამოკიდებულება დღეს უკიდურესად ბურჟუაზიულია, სადაც სიცოცხლე მოიაზრება როგორც კანონით დაცული (და ყოველი შემთხვევისთვის, ფულით დაზღვეული) ბანალური პირადი საკუთრება.

ბურჟუა მენტალობის ეს ასპექტი ძალიან კარგად აქვს დანახული და გაანალიზებული ერიხ ფრომს ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში, თუმცა დღევანდელი სიტუაცია სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ასეთ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ჩვენს სისუსტეში ბუნების თუ განგების წინაშე და ასევე იმაში, რომ მთლიანობაში ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი ძალაუფლება არც სიცოცხლეზე და არც სიკვდილზე. არ გაგვაჩნია რადგან, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით და მედიცინის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რამდენადმე გადავავადოთ სიკვდილი ან პირიქით, დავაჩქაროთ მისი დადგომა მოწევით ან სხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებით, საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ვერ ვმართავთ საკუთარ ბედისწერას და ამას ამტკიცებს თუნდაც ის მარტივი ჭეშმარიტება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეგზისტენციალური მომენტები, როგორიცაა თუნდაც დაბადება და გარდაცვალება, საერთოდ ჩვენი კონტროლის მიღმა ხდება