„ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანას და მის მაქსიმალურად პოლიტიზირებას თვეების განმავლობაში ცდილობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ განცხადებაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მმართველ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია.
„დღეს, მოცემულობა, საბოლოო შედეგი არის ის, რომ პოლიტიკური პატიმრები, ეს სიტყვები შეთანხმების დოკუმენტში არ არსებობს, არ არის ჩაწერილი. არ წერია ვინმეს გათავისუფლებაზე, ან დაპატიმრებაზე. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოახდინოს მანიპულაცია მარლთმსაჯულებით.
შესაბამისად, რაზეც შეთანხმება არ არსებობს, იმას შეთანხმების სახით ვერ მოგვთხოვს ვერავინ, თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ ერთი, ან ორი დღე ამ კამპანიას გააგრძელებენ, სადაც ისინი არ ვიცი, ვის უმტკიცებენ, რომ ასეთი შეთანხმება არსებობს, ეს კიდევ გამოსაკვლევია. ვნახოთ, საბოლოო ჯამში, როგორ დაასრულებენ ამ დისკუსიას”, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეულია შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.,