საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა

საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა

კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

„ტესტირება ლაინერის ბორტზე მყოფ 46 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი მათგან 21-ს დაუდასტურდა“, - განაცხადა პენსმა.

ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, Grand Princess-ის ბორტზე 54 ქვეყნიდან 3533 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2422 მგზავრია, 1111 კი ეკიპაჟის წევრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.