რომან გოცირიძე უმრავლესობაზე: მათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი

რომან გოცირიძე უმრავლესობაზე: მათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი

თავიდან ამბობდნენ, რომ საერთოდ არ აპირებდნენ ცვლილებას, ახლა მიდის მცოცავი უკან დახევა. ჯერ მოლაპარაკებები დაიწყეს, შემდეგ 100/50-ზე იყო, ახლა 110/40-ზე და ასე უკან უკან იხევენ იმის მიხედვით, თუ რამდენად მოხვდებათ თავში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და არამარტო კრიტიკა, არამედ სანქციებიც მოხვდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

„მათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. არც იმის გვჯერა, რომ ესენი მართლა რამეს დააინიცირებენ. ამბობენ, რომ შეაქვთ. ვნახოთ. მათ აქვთ 7 პარასკევი. თანაც რასაც ამბობენ, იციან, რომ ხვალ შეიძლება ივანიშვილმა გადაუსვას ხაზი და კვლავ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელნი და რომელნიც დამოკიდებულნი არიან სხვის სურვილზე.

ბიძინა ივანიშვილი უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, პარტიის თავმჯდომარე ბრძანდება.

არც კი იციან, რა თქვან. აგერ პარლამენტის თავმჯდომარემ განსხვავებული სიმღერა დაიწყო - თურმე 5-ით მეტი, 5-ით ნაკლებიო. ეს ხომ სასაცილოა“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.

ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.