5 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესტონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმეს. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კიბერთავდასხმები უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს.
„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბერ ოპერაციების მიზანი იყო საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა. ეს რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევის და კიბერ სივრცეში უსაფრთხოების დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია“- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.
მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერ სივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიული შემთხვევაა. „როგორც უშიშროების საბჭოს არჩეული წევრის, ესტონეთის მიზანი, წევრებს შორის კიბერ ოპერაციებზე და აქამდე ხელმოწერილი ქცევის საერთაშორისო ნორმების მნიშვნელობაზე ცნობადობის გაზრდაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უშიშროების საბჭომ აუცილებლად უნდა გაართვას თავი ახალ საკითხებს, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“,- განაცხადა რეინსალუმ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმ კიბერთავდასხმას ეხება, რომლის დროსაც სამთავრობო და კერძო საიტების გათიშვა და მინიმუმ ორი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა მოხდა. პრობლემები შეექმნა ასობით ვებგვერდს. გათიშული ვებგვერდების გახსნისას, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა, წარწერით „მე დავბრუნდები.“
ესტონეთის წარმომადგენლობა გაეროში მიიჩნევს, რომ „კიბერ თავდასხმები რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი და გაძლიერებული ჰიბრიდული და გავლენის მოსაპოვებელი კამპანიების ნაწილია, რაშიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადმინისტრაციული კონტროლის ხაზზე სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება და დეზინფორმაციის მზარდად ინტენსიური კამპანიები.“
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.
იმავე დღეს ეს ფაქტი შეერთებული შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა და კიდევ 20-მა დასავლურმა ქვეყანამ საჯაროდ დაგმო.