დამატებით კომპრომისზე, ქვეყნის ინტერესსების ხარჯზე, ვერანაირად ვერ წავალთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს 20 საარჩევნო ოლქად დაყოფს ვინმე, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
„მაშინ მითხარით და დაყავით საქართველო 20 საარჩევნო ოლქად და მიხვდებით, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს.
მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.
ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.