ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რამე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა შეიძლება, თავად გაატარონ დამატებითი ზომები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.
სილვიო დომენტე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. შეხვედრა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით იმართება.
როგორც დომენტემ აღნიშნა, კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.
„თავდაპირველად ეს ძირითადად ლოკალიზებული იყო ჩინეთში, მაგრამ უკვე გავიდა ჩინეთის ფარგლებიდან. 38 ქვეყანა არის ევროპაში, სადაც უკვე ვრცელდება კორონავირუსი. ასევე გვაქვს ცხელი წერტილები ირანსა და კორეის რესპუბლიკაში. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხდებით საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, ასევე გარე პარტნიორებს, რათა განვიხილოთ, რა ვითარებაა დღეს საქართველოში და რა ზომებს მიმართავს მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ორი სცენარი არსებობს – ვირუსის სხვა ქვეყნიდან იმპორტირება და ქვეყნის შიგნით გავრცელება. ორივე სცენარის შემთხვევაში, არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რაც ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ.
„რაც შეეხება ზომებს რაც უნდა გავითვალისწინოთ, მარტო საქართველოსთვის არა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არსებობს ორი სცენარი: ერთი, როდესაც იმპორტირებული არის შემთხვევები და მხოლოდ გარედან შემოსულ ადამიანებს უდასტურდებათ კორონავირუსი, ეს არის საქართველოსთვის ჩვეული სცენარი და მეორე, როდესაც უკვე ქვეყნის შიგნით ხდება დაავადების გავრცელება. ორივე სცენარისთვის არსებობს სპეციალური ზომები. ჩვენ დღეს სწორედ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს ზომები განვიხილოთ. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულების მზაობას, კომუნიკაციას, სწორ კოორდინაციას“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.
ამასთან, მისი თქმით, ფრენების შეზღუდვის რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის გაცემული, თუმცა, ქვეყანებს შეუძლიათ, თავად მიიღონ დამატებითი ზომები.
„რაც შეეხება ფრენების აკრძალვასა და რამე ტიპის შეზღუდვებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რამე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად შეიძლება, დამატებითი ზომები გაატარონ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის, რომ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, ამ ზომების შესახებ აცნობონ ორგანიზაციას და ასევე, დაასაბუთონ აღნიშნული ზომები. ასე რომ, ოფისი ელოდება, თუ საქართველო რამე დამატებით ზომებს განახორციელებს, აუცილებლად დასაბუთებულად აცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. იმედია, აღნიშნული ზომები იქნება მხოლოდ მოკლე ვადიანი და მძიმე ზემოქმედებას არ მოახდენს ვაჭრობასა და გადაადგილებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.