სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა. ამის შესახებ მან განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" 102,7 მილიონის დოლარის ღირებულებისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეხება განათლებას და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მათ შორისაა განათლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები 12 წელს სწავლობენ სკოლაში, მაგრამ სინამდვილეში მათი შედეგი ისეთია, თითქოს 8 ან 9 წელი გაატარეს სკოლაში. ეს პროექტი არის ამის გაუმჯობესების დიდი საშუალება. მეორე საკითხია კადრებზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ფოკუსირება. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან სკოლებში, რომ რაც არ უნდა კარგი სისტემა გვქონდეს განათლებაში, თუ კადრები არ გვყავს შესაბამისი, განათლების ხარისხი ვერ იქნება სათანადო.