მუსიკალურ ტელეშოუში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ წარმოჩენის გამო უკრაინულმა ტელეარხმა 1+1-მა ბოდიში მოიხადა

მუსიკალურ ტელეშოუში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ წარმოჩენის გამო უკრაინულმა ტელეარხმა 1+1-მა ბოდიში მოიხადა

უკრაინულმა ტელეარხმა 1+1-მა ოფიციალური ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მუსიკალურ ტელეშოუში „უკრაინის ხმა“ აფხაზეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო წარმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„2020 წლის 1-ელ მარტს ტელეარხ 1+1-ის ეთერში მუსიკალურ ტელეშოუ „უკრაინის ხმის“ სიუჟეტში, რომელიც ტელეშოუს მონაწილეს ანჟელა კონსუზიანს ეხებოდა, ტიტრებში მითითებული იყო რეგიონი „აფხაზეთი“. ინტერვიუს დროს ტელეშოუს მონაწილემ წარმომავლობის შესახებ კითხვაზე ეს რეგიონი დაასახელა. ტელეარხი არანაირად არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ არასწორი ინფორმაცია ეთერში გავიდა და თავის შეცდომას აღიარებს, რომელიც უყურადღებობით იყო დაშვებული“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

ტელეარხი 1+1 ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მათთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც ეს შეცდომა დაუშვა, მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებენ.