საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი და თუთუნი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი და თუთუნი გამოავლინეს

24-28 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდსა და სოფელ რუხში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 1 916 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ასევე, გატარებული  ღონისძიებების  შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ თბილისსა და სამეგრელოში,  აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 798 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 10 კილოგრამი უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი, ხოლო 7 ფაქტზე საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.