ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა. ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა.

კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა და კორონავირუსთან დაკავშირებით პროტოკოლი აამოქმედა. ინფიცირებულია ქალი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსის სიმპტომებით ბარსელონას საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა შვეიცარიაში, ტიჩინოს კანტონშიც.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626 ადამიანი.

ამასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.