მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქს ებრძვიან, ორი აზრი არ არსებობს და ვინც ებრძვის, უკვე თავი გამოააშკარავა

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქს ებრძვიან, ორი აზრი არ არსებობს და ვინც ებრძვის, უკვე თავი გამოააშკარავა

რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს აგინებს პირდაპირ ეთერში, ეს ბრძოლა არ არის? ციხეში რომ ზის ადამიანი და მუქარას უთვლის პატრიარქს, თან შეწყალებას სთხოვს, ეს ბრძოლა არ არის? ვინ დგას ამის უკან, არ ვიცი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მგონი, კითხვაც არ უნდა, ვის შეიძლება, პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელია. 40 კი არა, 7000 წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს და კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის, ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია, მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია, პატრიარქი არის სასულიერო პირი და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა კონკრეტული ადამიანები იგულისხმა, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან, ანუ 42 წლის წინ ვინც ებრძოდა, კონკრეტულად ისინი აღარ არიან დღეს. დღეს ვინ იგულისხმა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია.

რომ გამოდის ადამიანი, სასულიერო პირი და პატრიარქს აგინებს პირდაპირ ეთერში, ეს ბრძოლა არ არის? ციხეში რომ ზის ადამიანი და მუქარას უთვლის პატრიარქს, თან შეწყალებას სთხოვს, ეს ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ვინ დგას ამის უკან, ეს მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ინფორმაცია ნიშნავს, რომ კავშირი აქვთ იმათთან, ვისაც შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია, ვხედავ პირდაპირ, რაც ხდება. პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად, ორი აზრი არ არსებობს, ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა -„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ“.