ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2442-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 936-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 22 888 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.