აშშ-ში რუსეთის საელჩო საქართველოში მომხდარ კიბერთავდასხმის შესახებ ბრალდებას ეხმაურება

აშშ-ში რუსეთის საელჩო საქართველოში მომხდარ კიბერთავდასხმის შესახებ ბრალდებას ეხმაურება

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ში რუსეთის საელჩო ეხმაურება.

„სამწუხაროა, რომ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც ოდესღაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბულვარული ჟურნალების მეთოდებს. მათთვის მთავარი სენსაციაა. სამწუხაროა, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო იშვიათად იხსენებს, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლის საფუძველზეც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას აუცილებელია თან ახლდეს მტკიცებულებები“, – აღნიშნულია აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, ყველა აქტუალურ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით ვებგვერდს. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.