ჯიმი ჰენდრიქსი - მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი (ნაწილი I)

ჯიმი ჰენდრიქსი - მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი (ნაწილი I)

2012 წელი ერთი როკ თარიღის თვალსაზრისით, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესია. საქმე ისაა, რომ წლეულს ჯიმი ჰენდრიქსს 70 წელიწადი შეუსრულდებოდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ როკმა მიიღო უკვე 70 წლიანი გამოცდილება, თუმც მისი უმთავრესი წარმომადგენლის გარეშე, მე-20 საუკუნის პოპ მუსიკის განვითარება სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში რომ იწინასწარმეტყველა და გამორჩეული ლიდერის სახით ჩაუდგა სათავეში ყველა იმ მუსიკალურ ტენდენციასა თუ მსოფლმხედველობას, სადაც ვოკალის თანხლებით გიტარა, მცირეოდენ როლს მაინც ასრულებდა, ანუ არსებობდა...

The Jimi Hendrix Experience ლონდონში ჩამოყალიბდა. Cream–თან ერთად, ეს იყო მსოფლიოში პირველი როკ–ტრიო, რომელმაც ბლიუზი გაცილებით მძიმე ჟღერადობისკენ მიმართა, რის ამ თვალსაზრისით გვირგვინადაც  Led Zeppelin–ის სადებიუტო ალბომი იქცა.

 ამერიკაში ჰენდრიქსი სოულ მუსიკოსად ყალიბდებოდა და რომ არა ყოფილ „ენიმალსელ“ ბრაინ ჩაზ ჩენდლერის მიერ მისი აღმოჩენა და მუსიკალურ–ინსტრუმენტულ–ტექნიკური პროგრესისაკენ არამარტო მიმართვა, არამედ ჰენდრიქსის მიერ ზოგადად მუსიკალური ტენდენციების კარნახი, ძნელია წარმოვიდგინოთ, თუ რა გზით განვითარდებოდა მუსიკა და რა სახეცვლილებებს განიცდიდა როკ მუსიკოსების მომავალი თაობები, რადგან საკუთარი მუსიკალური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი ზეგავლენის მქონედ ჯიმი ჰენდრიქსს,  არამარტო მსოფლიოს წამყვანი ჯაზ, თუ როკ გიტარისტები, არამედ მომღერლები და სხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელებიც აღიარებენ. 

თავად ჯიმიმ თავი მომღერლად მისივე თქმით თავდაპირველად 1968 წლის ალბომ Electric Ladyland-ში ბობ დილანის All Along The Watchtower-ის შესრულებისას აღიქვა. იქამდე კი ჯონ მეიალისა და სხვათა შორის ამ სტატიის შემდგენელის აზრით მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მუსიკოსის დისკოგრაფიას, ზურგს უკვე ორი სტუდიური ალბომი უმაგრებდა და თანაც როგორი...

სადებიუტო Are You Experienced და განსაკუთრებით მეორე Axis: Bold As Love თემატური დატვირთვით გამორჩეულობის გარდა, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სტუდიის განვითარების თვალსაზრისითაც. თუკი იმავე 1967 წელს ჩაწერილი  Beatles-ის Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტის და მომენტებში ლენონ-მაკარტნის ორხმიანობის ნაზავი იყო, The Jimi Hendrix  Experience-ს სტუდიურ ჟღერადობას მხოლოდ აკუსტიკურ-სოლო გიტარულ ზედდებები და ბასისტ ნოელ რედინგისა და დრამერ მიჩ მიჩელის ვირტუოზული რიტმ სექცია ისე უნდა გაერთიანებინა, რომ მცირედი ბგერაც არ დაკარგულიყო!

ამის განხორციელება ჰენდრიქსის თანატოლმა ხმის ინჟინერმა ედი კრამერმა შეძლო, რომლის Axis: Bold As Love-ში ნამოღვაწარის შედეგად, როკ სტუდიის ჟღერადობა ხარისხობრივად როგორც იქნა გაუთანაბრდა დაახლოებით 15 წლით წინ წასულ ჯაზურს და ჰენდრიქსმა ამ საქმეში უმთავრესი როლი შეასრულა.

Axis: Bold As Love არხიდან არხში გარდამავალი იმ დროისათვის ულტრათანამედროვე გიტარ ფეიერვერკებით იხსნება, რასაც მიჩ მიჩელის დრამ-სვინგ ფონზე განვითარებული ჯიმის შემოქმედებაში პირველად გამოჩენილი “vah vah” გიტარ სოლოთი გაფორმებული მოარული ბლიუზი Up From The Skies მოსდევს.

Spanish Castle Magic ტიპური ჰარდ როკული ნაწარმოებია, რომლის ჯერ კიდევ სადებიუტო ალბომის წინამორბედები Manic Depression, Foxy Lady და ამ სიმღერებში 1967 წლისათვის წარმოუდგენელი როკ სოლოები გვაფიქრებინებს, რომ იქამდე თუნდაც Beatles-ის Twist And Shout-ისა და Rolling Stones-ის Satisfaction-ის არსებობის მიუხედავად,  ჯიმი ჰენდრიქსი, გიტარის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ძალაუნებურად ჰარდ როკის სულისჩამდგმელიცაა...

მაგრამ კიდევ რა შეიძლება მიეწეროს ჰენდრიქსს? მოდით ამაზე შემდგომში ვისაუბროთ, ახლა კი Axis: Bold As Love-ის სხვა სიმღერებსაც მოვუსმინოთ.

Wait Until Tomorrow ბლიუზური აკორდებით გაფორმებული, მკაფიო რიტმით გადმოცემული ორიგინალური სიმღერაა, რომლის საკვირველება ისაა, რომ ოთხჯერ ერთსა და იმავე მოტივის განმეორების მიუხედავად, იგი სოლოს გარეშეა დარჩენილი. Ain’t No Telling თემაა, რომელიც როგორც ვოკალური, ასევე გიტარ იმპროვიზაციული თვალსაზრისით, მომავალში ჯიმის მრავალ კონცერტზე, სხვადასხვა სიმღერებში გადანაწილდება.

ალბომის  მშვენებად კი განუმეორებელი Little Wing იქცა, რომლის საწყისი აკორდები ჯაზის ბლიუზისა და როკის შერწყმის და აქედან გამომდინარე ჰენდრიქსის, მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მუსიკოსად წარმოჩენის საუკეთესო მაგალითია. უნატიფესი სოლოთი დასრულებული სულ რაღაც ორწუთნახევრიანი სიმღერა, ჯიმი ჰენდრიქსის სულიერი შვილების იმპროვიზაციული თვალსაწიერის შთაგონების წყაროდ იქცა და სხვადასხვა დროს იგი შეასრულეს კლაპტონმა, სტივი რეიმ, სტივი ვაიმ, ჯო სატრიანიმ, ინგვი მალმსტინმა, სტინგმა...

ვინილის პირველი გვერდი პროგ როკ ფსიქოდელიური შედევრით If Six Was Nine ბოლოვდება, რომლის ვოკალ-გიტარულ საკმაოდ უხეშ შესავალს სრულ გაფრენში გადავყავართ, რადგან ინსტრუმენტულ ქაოსში გიტარასთან ერთად, ჰენდრიქსი, ამ ინსტრუმენტზე დაკვრის არმცოდნე, ფლეიტაზეც უკრავს. If Six Was Nine -ის ინსტრუმენტული მხარე 1981 წლის ალბომ Discipline-ის კომპოზიცია Indiscipline-ში,  შესანიშნავად მოირგო რობერტ ფრიპის King Crimson-მა. Indiscipline როკ მუსიკაში მოწესრიგებული ქაოსის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად იქცა.

You Got Me Floating’, რომელიც ალბომის „ნაკლებ მნიშვნელოვან“ კომპოზიციათა რიგს განეკუთვნება, ჯიმის ეფექტების გამომზეურების ბრწყინვალე შესაძლებლობებს იძლევა, რადგან აქ მიჩ მიჩელის საწყისი ჩარტყმების გარდა, ვოკალის პარტიით დაწყებული, სხვა დანარჩენით დამთავრებული, ყოველივე მეორეხარისხოვანია.

Castles Made Of Sand -ის შემადგენელი თითოეული ფრაგმენტი კი დიდი დახვეწილობით გამოირჩევა, როგორც ეფექტების ზედდებებისა და სოლოს, ასევე ვოკალური თვალსაზრისითაც. მშვიდი და გაწონასწორებული სიმღერა, ბასისტ ნოელ რედინგის ქმნილებაში She’s So Fine გადადის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჯიმის მიერ შემოქმედების საწყის ეტაპზე ჩაწერილ ამავე სახელწოდების ინსტრუმენტულ კომპოზიციასთან. ნოელ რედინგის ნამღერ She’s So Fine-ს ერთი უცნაურობა გამოარჩევს. თუკი მას ბას გიტარის, ვოკალისა და ლიდ გიტარის პარტიებს მოვაცილებთ, მივიღებთ მიჩ მიჩელის სამ წუთიან დრამ სოლოს, რაც სიმღერას  საკონცერტო ელფერს ანიჭებს, თუმც ჯიმი ჰენდრიქსს არასოდეს გამოუტანია სცენაზე ნოელ რედინგის ორადორი კომპოზიცია. სწორედ ამან გამოიწვია მასსა და ამბიციურ ბას გიტარისტს შორის კონფლიქტი, რის შედეგადაც წარსულში სოლო გიტარისტმა რედინგმა დატოვა  The Jimi Hendrix  Experience.

One Rainy Wish-ს ძირითადად ჯიმის ლამაზი ჯაზურ ბლიუზური აკორდები გამოარჩევს, სხვა მხრივ სიმღერა „მეორეხარისხოვანთა რიგს“ განეკუთვნება და Little Miss Lover-ში გადადის, რომლის პერსონაჟის თავხედობას ფეთქებადი გიტარ ნადებები, მძლავრი ბასი და რაც მთავარია ჯიმის ვოკალ პარტიის უჟმური ხასიათი გამოავლენს.

ალბომის გონებრივი ცენტრი კი მის დამაბოლოვებელ Bold As Love-შია მოქცეული. ვოკალ პარტიას ბლიუზური გიტარ აკორდები მოხდენილად  ავსებენ, სოლოს შემდგომ კი სიმღერა ფინალურ გიტარ ინსტრუმენტულ ფაზაში გადადის, რომლის მსგავსი ჟღერადობა თვით ჯიმის აღარასოდეს გაუმეორებია. მარცხენა არხში სოლო პარტია სიმღერის პირველი ნაწილის ვოკალ პარტიის გაგრძელება-გამოძახილია, ხოლო მარჯვენა არხის შემავსებელი მსუყე გიტარ აკომპანემენტი კი თითქოს ჰენდრიქსის გიტარასთან ერთად, მსმენელსაც სადღაც შორს  მიაფრენს და თეთრი ფენდერ სტრატოკასტერი მცირე ხნით  ცაზე გაბრწყინებულ ცისარტყელას ფერებად მოხატულ ჰანგებს წარმოგვიჩენს.

აი ასეთი გამოვიდა ალბომი Axis: Bold As Love. მისმა მომდევნო ნამუშევარმა Electric Ladyland -მა კი ხმის ინჟინერ ედი კრამერის სახელი, ლამის გააიგივა როგორც Electric Ladyland Studio-თან, ასევე ამ ორდისკიან ნამუშევართან, რომლის შესახებაც შემდგომში გვექნება საუბარი...