ბექა დავითულიანი: დაუბრუნონ თბილისის ბიუჯეტს მოპარული 50 მილიონი, გათავისუფლდნენ მორალური ტვირთისგან

ბექა დავითულიანი: დაუბრუნონ თბილისის ბიუჯეტს მოპარული 50 მილიონი, გათავისუფლდნენ მორალური ტვირთისგან

50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, მათ შორის არც ოპონენტები და ამიტომ დააბრუნეთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე და მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამქრალია, ამაზე არც ოპონენტები დავობენ.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა – თბილისის ბიუჯეტს კიდევ 219 მილიონით ვზრდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფონზე მინდა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კერძოდ, იმ სასჯელს, რომელიც ქალაქის ყოფილმა მერმა მიიღო სასამართლოს მხრიდან 50 მილიონის გაფლანგვის ბრალდებით. 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, მათ შორის არც ოპონენტები და ამიტომ დააბრუნეთ. ნამდვილად არ მიხარია არავის დაჭერა და მირჩევნია, პოლიტიკურ დღის წესრიგში არა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი დანაშაული, არამედ ამ ქალაქის და ქვეყნის მომავალი იყოს განსახილველი თემა. თუმცა ფაქტები ფაქტებად რჩება. არ შევალ მე სამართლებრივ განსჯაში, ჩემი არც მიზანია და არც კომპეტენცია სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასება. მე მხოლოდ იმ 50 მილიონის საკითხი მაინტერესებს, რომელიც გაქრა და უკანონოდ განიკარგა. ამას აღიარებენ თავად ის მაშინდელი მაღალჩინოსნები, რომლებიც ყველამ ვნახეთ ვიდეო მტკიცებულების სახით, ათობით ათასი ლარი რომ გამოჰქონდათ ბანკომატებიდან და ამას აღიარებს „თბილსერვისში" ფიქტიურად დასაქმებული ის 719 პირი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო და პარტიული აქტივობისთვის ხელფასის სახით იღებდა ამ თანხებს თბილისის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადასტურებული ფაქტია, რომ 50 მილიონი უკანონოდ განიკარგა-გაიფლანგა," – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან, რადგან მათთან შეკითხვები აქვს და აინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი ამ გამქრალ 50 მილიონზე.

„საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ 50 მილიონზე. დასაბრუნებელი არ აქვთ? 50 მილიონად შეგვეძლო 150 ავტობუსის ყიდვა ქალაქისთვის; 10 000 ბაღის თანამშრომლისთვის მინიმუმ 400 ლარით შეგვეძლო ხელფასის გაზრდა; საშუალოდ 1000 უსახლკარო ოჯახს დავაკმაყოფილებდით საცხოვრებლით; მინიმუმ 500 სკვერს გავაკეთებდით, ასევე 500 მოედანს. აღარ მივყვები და აღარ ჩამოვთვლი რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა 50 მილიონად, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ამ კარგ საქმეებს ჯობდა საკუთარი პარტაქტივისთვის დაერიგებინათ წინასაარჩევნოდ ეს თანხები,"- დასძინა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპონენტები 50 მილიონის გაქრობაზე არაფერს ამბობენ და ყოფილი მერის დაკავების პოლიტიკურ კონტექსტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან და მათ აუცილებლად მიმართავს კითხვით, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარზე.

„დააბრუნებინონ თავის პარტიებს ეს თანხები, გაყიდონ ოფისები, რაც აქვთ პარტიული ქონება და დააბრუნონ. მორალურად წელში გამართული გვესაუბრონ მერე თავისი პრეტენზიებით. მოპარული 50 მილიონით დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლები რატომ უნდა გვესაუბრებოდნენ პრეტენზიით და შენიშვნებით- გაუგებარია. ამიტომ გათავისუფლდნენ ამორალური ტვირთისგან, დაუბრუნონ თბილისის ბიუჯეტს 50 მილიონი ", – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ ამ თანხების დაბრუნებაზე სერიოზულად იფიქრონ.