ფაქტების დამდგენი მისიის შემდეგ ევროპარლამენტს სანქციების ინიცირება შეუძლია, - ასე ეხმაურება უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის საკითხს.
მისივე განმარტებით, ასეთი ხასიათის სანქციების ინიცირების უფლებამოსილება ევროპარლამენტს აქვს.
„თავისთავად, ევროკავშირის მხრიდან ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა ან ჩართულობა პარტნიორი და ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნის საკითხებში პოზიტიური მოვლენაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მისია დაადასტურებს კანონის უზენაესობის ნაკლოვანებებს კონკრეტულ საქმესა თუ სისტემური თვალსაზრისით, ამან შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგები იქონიოს ქვეყნისათვის, მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი დაფინანსების შეწყვეტიდან ასოცირების შეთანხმების ტექნიკურ შეჩერებამდე. ასეთი ხასიათის სანქციების ინიცირების უფლებამოსილება ევროპარლამენტს აქვს.
ნოემბერში ევროპარლამენტის მიერ მალტაზე გაგზავნილ ფაქტების დამდგენი მისიის ამოცანა მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის შესწავლა იყო. მანამდე ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა მალტის მაშინდელ პრემიერ მუსკატს გადამდგარიყო, თუმცა მისი გადადგომა სწორედ ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში ევროკავშირს შეეძლო ევროკანონმდებლობის დარღვევის გამო მალტისათვის არაერთი სანქცია დაეწესებინა თვით წევრობის შეჩერების ჩათვლით.
მიმდინარე პროცესმა და ასეთმა ტოტალურმა ნეგატიურმა გზავნილებმა ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან უკვე დააზარალა ქვეყნის არა მხოლოდ იმიჯი, არამედ მისი პროგრესის გზაზე მდგარი ქვეყნის შეფასება ასოცირების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის განცხადებაში კრიტიკა ეხება არა მხოლოდ ზოგადად ფაქტს, არამედ პროცედურებს, ვადებს, გარემოებებსა და ვერდიქტის მიმართაც არსებობს კითხვები, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტების დამდგენი მისიის შეფასების ფარგლები წინასწარ უკვე განსაზღვრულია და მათ ისღა რჩებათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საწინააღმდეგოში დარწმუნდნენ, რაც ნაკლებ სავარაუდო მგონია“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია.