,,უნივერსიტეტი - UNIVERSITAS’’

,,უნივერსიტეტი - UNIVERSITAS’’

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობაა მოთხრობილი წიგნში, რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა. თსუ 102 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნი-ალბომში, რომლის პრეზენტაციას უნივერსიტეტელები დაესწრნენ, მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგების, სამეცნიერო სკოლების, ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ქმნიდა იმ სივრცეს, რომელსაც ერქვა მეცნიერული სივრცე, თავისუფლების სივრცე და დღემდე ამ ფუქნციას ასრულებს. ყველაზე მეტად აღსანიშნავი და საამაყო ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

წიგნის „უნივერსიტეტი“  განახლებულ გამოცემაში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტომასალა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.  წიგნში ყურადღება  განსაკუთრებითაა გამახვილებული უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებზე, საერთაშორისო    წარმატებებზე. 

წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  ზურაბ გაიპარაშვილი აღნიშნავს, რომ „შევსებული გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ისტორიის მიმოხილვა, რომელშიც საუბარია მის დამფუძნებლებზე, მეორე ნაწილი კი  ეხება უნივერსიტეტის დღევანდელობას, სადაც მოთხრობილია მისი წარმატებები  საერთაშორისო ასპარეზზე,  ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ.“

„დღეს საქართველოში ევროპული უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღეა. უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ასწლოვანი ჩანაწერი უკვე გააკეთა საქართველოს ისტორიაში და ღირსეული სიტყვა თქვა უმაღლესი განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს უნივერსიტეტმა ღირსეულად შეაბიჯა ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სივრცეში და რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა სადოქტორო პროგრამების განვითარების შეხვედრას,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ  ნუნუ მიცკევიჩმა.

1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით,  26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

 102 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 900-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).