კახა კალაძე:  “ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, ვინც საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას ადგენს”

კახა კალაძე:  “ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, ვინც საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას ადგენს”

ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, ვინც საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას ადგენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კითხვის გაგზავნა შეცდომა იყო.

„ვფიქრობ, სახალხო დამცველი, რომელიც ამისთვის გამოიყენეს, შეცდომაში შეიყვანეს, რომ ეუთო/ოდირს გაუგზავნეს ზუსტად ის კითხვა, რომ მათ განსაზღვრონ კონსტიტუციურია თუ არა ეს საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს ის, სახელმწიფო იღებს, როგორი პრინციპით იქნება, ეს იქნება შერეული თუ პროპორციული, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით.

სხვათაშორის, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ამაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც კონსტიტუციის ცვლილება განხორციელდა, როდესაც „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო კონსტიტუციის მიღების დროს და განახორციელა ცვლილება, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ოპოზიციურ პარტიებს. პირდაპირ გეტყვით, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მას ე.წ. გერმანულ მოდელთან საერთო არაფერი აქვს. საქართველო 80-იან, 70-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება. ჩვენ გვჭირდება წინსვლა. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა“, – განაცხადა კალაძემ.