ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია გამოცდილი მეცნიერების მოხსენებები, რომლებშიც ასახულია მსოფლიოში ცნობილი ამაჩქარებლების ცენტრების სატესტო დასხივებების დაწესებულებების სტატუსი, სატესტო დასხივებების ექსპერიმენტებში მიღებული შედეგები და გაიმართება ტრენინგები მიღებულ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების (უზრუნველყოფის) შესასწავლად.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფიზიკის ინსტიტუტი და ჩვენი მკვლევრები თანამედროვე მეცნიერების მოწინავე რიგებში არიან. ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები, მათ შორის წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებში მომუშავე ქართველი ფიზიკოსები მონაწილეობენ კონფერენციაში და უახლეს კვლევებსა და გამოწვევებზე უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„მნიშვნელოვანია ფიზიკის ფუნდამენტური კვლევები. უცხოელებთან ერთად, ვორკშოფს ესწრებიან ქართველი სტუდენტები და მეცნიერები. ამ ღონისძიებისთვის საქართველო შემთხვევით არ არის შერჩეული, ჩვენ განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს ამ ექსპერიმენტებში. ამიტომაც ჩვენი სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში და მზად ვართ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები,“- აღნიშნა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ATLAS ექსპერიტმენტში საქართველოს კლასტერის ხელმძღანელმა ირაკლი მინაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაზე „ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი-2020“ შეიკრიბა ამერიკის, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა) მომუშავე 70-ზე მეტი ფიზიკოსი და მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია ტრეკული დეტექტორების შესწავლის მიზნით ჩატარებულ სატესტო დასხივებებთან, კალორიმეტრიასთან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გამოკვლევებთან.
ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორანტის პოლ შუზეს თქმით, „ყოველთვის სასარგებლოა მსგავსი ტიპის ვორქშოპები მეცნიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ხდება სხვადასხვა აზრის, კვლევების გაზიარება, კომბინირება და დისკუსიები. გვაქვს რამდენიმე სესია და ვიმსჯელებთ, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული მიმართულებით.“
კონფერენციაში, რომელიც 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. კერძოდ, ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების სპეციალისტი ექსპერტები და წინა პერიოდში (2012-2019 წწ) ჩატარებული კონფერენციების ორგანიზატორები: ჰენდრიკ იანსენი (DESY, ჰამბურგი, გერმანია), მარისოლ რობლესი (მაინცის უნივერსიტეტი, გერმანია), სიმონ სპანაგელი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია), ჰენრიკ ვილკინსი (ცერნი, ჟენევა, შვეიცარია).