24 იანვარს, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა.
საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა. მან საბაჟო სისტემის თითოეულ თანამშრომელს მიულოცა პროფესიული დღე და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების მონაწილეებს დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმიდან მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარდა არაერთი რეფორმა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს.
ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს გააცნო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.
საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ მათი მხარდაჭერით ხორციელდება საბაჟოს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი.
ეკონომიკის განვითარებასა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების პროცესში საბაჟოს როლზე ისაუბრა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, მაღალტექნოლოგიური საბაჟო კონტროლის GPS ლუქები გადასცა "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" პროექტის ხელმძღვანელმა, ანდრეა შმიტმა.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით დაჯილდოვდა 19 მებაჟე ოფიცერი.
ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელით, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელების გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონულ ორგანიზაცია სუამ-ს, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში", ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს.
ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს.