დავით ბაქრაძე:  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკამ შეუქცევადი სახე მიიღო

დავით ბაქრაძე:  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკამ შეუქცევადი სახე მიიღო

ყველა ადამიანი, ვინც აკრიტიკებს დღევანდელი ხელისუფლებას, არის საქართველოს მეგობრები და არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც სურთ, რომ საქართველო იხილონ წარმატებულ, ევროპული მომავლის მქონე დემოკრატიად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე კრიტიკული წერილი მიიღო საქართველომ აშშ-ს კონგრესისგან.


„კრიტიკის წერილებს ემატება უპრეცედენტოდ მწვავე კრიტიკა და განხილვა ევროპარლამენტში, ლიეტუვის პრეზიდენტის ძალიან მწვავე განცხადება გუშინ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკამ მიიღო შეუქცევადი საერთაშორისო სახე. მეგობრების კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ პასუხი ასეთია – ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ პრობლემების მოგვარებასა და სიტუაციების გამოსწორებაზე, ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის ამ ადამიანებს, ცდილობს მათ დისკრედიტაციას და მათზე პოლიტიკურ შეტევას. ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების პასუხი მეგობრების კრიტიკაზე, ეს არის ის, როგორც იქცევა ვადაგასული, გაბანკროტებული რეჟიმი, როდესაც ისინი იღებენ კრიტიკას დასავლური სამყაროსგან. დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულად ამოწურა პოზიტიურად განვითარების რესურსი და ხდება მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ამისი დასტურია ყველა კრიტიკა, რომელიც მოდის ყველა დასავლური მიმართულებიდან, ბრუსელიდან, ვაშინგტონიდან, სტრასბურგიდან და ადასტურებს ხელისუფლების რეაქცია თბილისში. რაღაც მომენტში ასეთი მწვავე კრიტიკა დასავლეთის მხრიდან გადადის რაღაც ტიპის მოქმედებაში და კონრეტულ სანქციებში, რაც დააზიანებს არამხოლოდ „ოცნებას“, არამედ საქართველოსაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.