ვახტანგ ძაბირაძე: „ივანიშვილი თუ დამბრუნებელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს უნდა დაბრუნებულიყო“

ვახტანგ ძაბირაძე: „ივანიშვილი თუ დამბრუნებელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს უნდა დაბრუნებულიყო“

„ივანიშვილი თუ დამბრუნებელი იყო და რაიმეს გამკეთებელი, ის უნდა დაბრუნებულიყო მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და ტურებს შორის გვეხვეწებოდა, რომ იქნებ მხრი დაგვეჭირა და ყველაფერს გამოასწორებდა," - სე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, საზოგადოებაში გაჩენილ ხმებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს.

ამბობს, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ" საკადრო ცვლილებები განახორციელოს, რადგან მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ სხვა არაფერი აქვს შესათავაზებელი.

„ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებაზე ინფორმაცია არ მაქვს. მგონია, რომ ზოგადად მთავრობის ცვლილებაა მოსალოდნელი, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წინ მოსახლეობას რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს, რადგან სხვ არაფერი მოეძებნება შესათავაზებლად, ამიტომ არჩევნების წინ ყოველთვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი ისაა, რომ საკადრო ცვლილებები განახორციელონ და დაიწყონ ახალი იმედების შექმნა.

„ივანიშვილი თუ დამბრუნებელი და რაიმეს გამკეთებელი იყო, ის უნდა დაბრუნებულიყო მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და ტურებს შორის გვეხვეწებოდა, რომ იქნებ მხრი დაგვეჭირა და ყველაფერს გამოასწორებდა, მაშინ დრო იქნებოდა იმისთვის, რომ რაიმე პროექტი შეემუშავებინა და მოსახლეობისთვის შეეთავაზებინა, ამის დრო და საშუალება იყო, დღეს კი ამის საშუალება უბრალოდ არაა,

„ოცნებაში" რაიმე ნოვატორული იდეაც რომ არსებობდეს, საკმარისი დროც არაა იმისთვის, რომ ამის რეალიზება მოხდეს, აზრი არა აქვს, ერთადერთი, რაც შეიძლება, აპრობირებულია და ჩვენნაირ ქვეყნებში მუშაობს, ეს ანტიკორუფციული ლაშქრობის დაწყებაა," - აცხადებს იგი.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე თვის შესაძლებლობებს ვერც განახორციელებდა და ვერც ამოწურავდა, რადგან მას უფლებები შეზღუდული აქვს.

„ვერ გეტყვით, რომ პრემიერის პოსტს რაიმე შესაძლებლობები აქვს, გინდაც გახარიას გინდაც კვირიკაშვილს, ხელისუფალი ივანიშვილია, ამიტომ ვინც არ უნდა იყოს პრემიერად, ის შეზღუდულია თავის არჩევანში ნებისმიერი მიმართულებით, ამიტომ ამ პირობებში პრემიერის რესურსის ამოწურვა-არამოწურვაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

„თუ პრემიერად მოდის პიროვნება, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს გალაშქრება და ბრძოლა იმისთვის, რათა თავად მოიპოვოს დამოუკიდებლობა, ეს ღიად უნდა განაცხადოს და არა წასვლის შემდეგ, გახარიას რა რესურსი აქვს ვერ გეტვით, ის შეზღუდულია," - განაცხადა ძაბირაძემ.