დავით უსუფაშვილი: „ოცნების“ პირობებში გადადგომა ნიშნავს ცოტა ხნით გასვლას და სხვა კარიდან მობრუნებას  

დავით უსუფაშვილი: „ოცნების“ პირობებში გადადგომა ნიშნავს ცოტა ხნით გასვლას და სხვა კარიდან მობრუნებას  

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პირის თანამდებობიდან გადადგომა რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, „ქართული ოცნების" პირობებში კი ასე არ არის. ამის შესახებ უსუფაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ოცნების" პირობებში გადადგომა ნიშნავს ცოტა ხნით გასვლას და სხვა კარიდან უკან მობრუნებას. კონსტიტუციურად განმტკიცებულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა არის ექვსწლიანი. თურმე ეს არაფერსაც არ ნიშნავს, პროკურორს ეტყვიან, ახლა უნდა წახვიდე და წავა. მერე ვიღაცას ეტყვიან, შენ პროკურორი უნდა გახდე და გახდება. მერე, ერთ წელიწადში ეტყვიან, ახლა წადი შენ სასამართლოში, ისევ ძველი უნდა დავაბრუნოთო და მოვა. აქ უკვე ლაპარაკი აღარ არის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, აქ არის ელემენტარული საზოგადოებრივი თანაცხოვრების ნორმების უგულებელყოფა. ეს უდიდეს დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას, პროკურატურას, ვინაიდან გვჭირდება ავტორიტეტის მქონე პროკურატურა და პროკურორები, რადგანაც მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დღეს მე და თქვენ წაგვავლონ ხელი და სადღაც წაგვაჩანჩალონ. დანარჩენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს ხალხია დამოუკიდებელი, პრინციპული, კანონის ერთგული. ახლა, ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ, როგორ ვირწმუნოთ, რომ ესენი არიან დამოუკიდებელი, პროფესიონალი და კანონის ერთგული", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა.

Maverick ამ ბუს ვინმემ გააგებინოს ქართველებმა ჩაგრეცხათქო!
4 წლის უკან