ძაბირაძე მოსამართლეობის კანიდატებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს „ოცნების“ მხრიდან უკან დახევა არაა,

ძაბირაძე მოსამართლეობის კანიდატებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს „ოცნების“ მხრიდან უკან დახევა არაა,

„მათ გაითვალისწინეს ის თემა, რომელიც დღეს მათთვის აქტუალური არაა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში თუ ისევ „ქართული ოცნება" დარჩა, ის ექვსი მოსამართლეც ისევ დაინიშნება და უფრო მეტიც, არანაირ „ოდირის" დასკვნებს არ გაითვალისწინებენ," - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ ექვს კანდიდატს ეხება.

მდინარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება" ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და იმ ვაკანტურ თანამდებობებს, რომლებიც დარჩენილია უზენაეს სასამართლოში, აღარ შეავსებს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს „ოცნების" უკანდახევა არაა, რადგან დღეს მათთვის პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემაა, რომელსაც, მისივე თქმით, არ დათმობენ.

„არანაირი უკანდახევა ეს არაა. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას" მაინცდამაინც დიდად არ ადარდებს უზენაეს სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაემატება თუ არა. ეს დღეს პრინციპული საკითხი არაა, პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კოდექსი და არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიებია,

„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მათი მხრიდან იმიტომ, რომ ყველაფერზე უარის თქმა მათთვის უფრო წამგებიანია, ვიდრე მომგებიანი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რადგან ეს მათ წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული. აი, ამით „ქართულ ოცნებას" სათქმელი ექნება, რომ „ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს" და ვთქვათ, „ხომ ვეღარ იტყვის რამეს ოპოზიცია..."

„მათ გაითვალისწინეს ის თემა, რომელიც დღეს მათთვის აქტუალური არაა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში თუ ისევ „ქართული ოცნება" დარჩა, ის ექვსი მოსამართლეც ისევ დაინიშნება და უფრო მეტიც, არანაირ ოდირის დასკვნებს არ გაითვალისწინებენ, მაგრამ დღეს, ამ ეტაპზე მათთვის ეს პრინციპული არაა და ამიტომ რა თქმა უნდა ურჩევნიათ და პოლიტიკურად მათთვის უფრო მომგებიანია გაითვალისწინონ ეს და არ გაითვალისწინონ საარჩევნო თემა. საარჩევნო სისტემაზე რა თქმა უნდა დათმობაზე არ წავლენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

პარლამენტში ოფიციალურად იმ 6 კანდიდატის სია დარეგისტრირდა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ესენი არიან: ილონა თოდუა, გენადი მაკარაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე და თეა ძიმისტარაშვილი.

17 იანვარს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მათი მოსმენაა დანიშნული.