კლდესა და... როკში

კლდესა და... როკში

თავის დროზე ამ ალბომის სახელწოდება არასწორად ითარგმნა, თუმცა ქართველმა  როკ მუსიკის მოყვარულმა ეს თარგმანი ისევე ალალად მიიღო (მით უმეტეს იმ დროს), როგორც თვით ნამუშევარი, თორემ Deep Purple-ს ნებისმიერი ნაწარმოები, ხომ „როკშია“ გაკეთებული.

იქამდე, იან გილანისა და როჯერ გლოვერის მოსვლის შემდეგ კი  Deep Purple-მ ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის დარბაზში, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დირიჟორ მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით, იმ დროისათვის უნიკალური ნაწარმოები Concerto For The Group And Orchestra წარმოადგინა.

ერთდისკიანი ნამუშევარი 55 წუთს გრძელდებოდა და გარდა იმისა, რომ მელომანისათვის ადვილი საშოვნელი არ იყო, მისი ჩაწერაც ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, საკმაო უხერხულობას ჰქმნიდა. მაშინ არვინ უწყოდა, მაგრამ იმ უცნაური კონცერტის პირველ ნაწილში Child In Time შესრულდა, რომლის ვერსიასაც მხოლოდ 1977 წლის ნაკრებ  Powerhouse-ში გაეცნო მსმენელი. Powerhouse-ის გარეკანზე კი მითითებული არ ყოფილა, თუ რომელ კონცერტზე იყო დაკრული ეს სიმღერა. 

მოგვიანებით ჯონ ლორდი თვით ამ სიმღერის წარსულზეც ისაუბრებს. თურმე ამერიკის ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იგი და რიჩი ბლეკმორი კასეტებიანი მაგნიტოფონით აღჭურვილი, ლონდონში მდინარე ტემზის ნაპირას ამერიკული ჯგუფების სხვადასხვა სიმღერებს უსმენდნენ. ამ დროს ჯერი It’s A Beautiful Day-ზე მიდგა, რომლის სადებიუტო ალბომშიც ძალიან ლამაზი ინსტრუმენტული კომპოზიცია Bombay Calling გაისმა. მოტივი მკაცრი საორღანო აკორდების ქვეშ ვითარდებოდა და მალევე ვიოლინოს პარტიაში გადადიოდა. კულმინაციის შემდეგ თემა მეორდებოდა და საბოლოოდ სევდიანი საორღანო  მოტივის ფონზე, მომდევნო სიმღერაში, წყვეტის გარეშე გადადიოდა.

ეს სწორედ ის სიმღერა აღმოჩნდა, რომლის ირგვლივაც მალე როკ მუსიკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები, Deep Purple In Rock შეიკრა, რაც თარგმანში „კლდეში“-ს ნიშნავს. ალბომის გარეკანზე შესანიშნავი ხუთეული ამერიკის პრეზიდენტების მსგავსად, კლდეშია ამოტვიფრული.

მეორეს მხრივ, სახელწოდება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან ნაწარმოებმა უკვდავყო არამარტო ჯგუფის სახელი, არამედ წარმოაჩინა ზოგადად ახალშობილი ბრიტანული როკ მუსიკის ფენომენი, როგორც ურყევი საფუძველი თავისუფლების, უშრეტი ენერგიისა და იდეებისა.

ალბომი შვიდი სიმღერისაგან შედგება და დიდად განსხვავდება  არა მარტო თავისი წინამორბედისაგან, არამედ როჯერ გლოვერისა და იან გილანის გარეშე ჩაწერილი პირველი სამი სტუდიური ალბომისაგან. მეტიც – ჯონ ლორდის ხელწერა რომ არა, უბრალო მსმენელი იფიქრებდა, რომ Deep Purple In Rock ახალი ჯგუფია, სადებიუტო ალბომით.

სანამ შემსრულებლებზე გადავიდოდეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ Deep Purple In Rock  ხასიათითაა განსხვავებული წინამორბედებისაგან, რომლებშიც მიუხედავად კლასიკურ როკ’ნ’როლური ძირებისა, თინნეიჯერული ბევრი არაფერია. ჟღერადობა აქ მკვეთრად შეცვლილია და ერთგვარი „მოგუდულობის“ შეგრძნების დაძლევას, წლები ესაჭიროება. მსმენელს Deep Purple-ს მომდევნო ალბომების ფონზე, ერთგვარი უკმაყოფილება ეუფლება ალბომის ჩანაწერის ხარისხთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ In Rock ვთქვათ Machine Head-ის ხარისხისა რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი ალბომი იქნებოდა. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა, ყოველი ინსტრუმენტი და თუნდაც „ბას-ბოჩკა“ მშვენივრად ისმის, არხები ზომიერადაა დაბალანსებული და In Rock-ის სიმღერები, დაკვრა თუ ვოკალი, ზუსტად იმ „მოგუდულ“ ჟღერადობას ითხოვს, რომელსაც ხმის ინჟინერი მარტინ ბირჩი, ვინძლო Iron Butterfly-ის In-A-Gadda-Da-Vida-ს, თუნდაც ჯონ ლორდის Hard lovin Man’-ის სოლოდან გამომდინარე  დაესესხა. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Pink Floyd-ის The Dark Side Of The Moon, რომლის ასევე„მოგუდულ“ ჟღერადობას, კონცერტებზე მაინც ვერანაირად ცვლის 2000-ების უკიდურესად ძვირადღირებული ფლოიდური აპარატურაც კი.

ახლა კი მოდით ალბომს მივყვეთ, რომლის გამხსნელი Speed King, პირველი აკორდიდანვე გვაუწყებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჯონ ლორდის ბახისებრი ინტრო საბოლოოდ ჰამონდ დუღილში გადადის, რასაც თავის მხრივ იან პეისის პირველი ჩარტყმა მოსდევს და In Rock დაწყებულია... 1977 წლის ამერიკულ ვინილ ვერსიაში, ალბომი სწორედ ამ „ჩარტყმით“ იწყება, იმ დროისათვის როკ სიღრმეებს შედარებით მოწყვეტილი მსმენელი, თავიდანვე „ზედმეტობებით“ რომ არ გადაღლილიყო. ამ როკ’ნ’როლის მთელი ხიბლი ლორდისა და ბლეკმორის მოპასუხე სოლოებს ამყოლ იან გილანის გაფრენილ ვოკალშია. ბოლოსკენ სიცილი კი ეფექტის გარდა, ერთგვარი ამპარტავნული მინიშნებაც კი შეიძლება იყოს იან გილანის მის თანამედროვე მომღერლებთან უპირატესობასთან დაკავშირებით.

ყველაზე თინნეიჯერული მომდევნო Bloodsucker-ია, რომელსაც გილანის წივილის გამო, ბავშვებიც სიამოვნებით უსმენენ. აქედან გამომდინარე, Bloodsucker პატარაობიდანვე როკის შესაყვარებელი შესანიშნავი სიმღერაა. Speed King-ის მსგავსად, ბლეკმორისა და ლორდის მოპასუხე სოლოები, აქაც წამყვან როლს ასრულებენ. ამ ხერხს დუეტი, საწყის სტუდიურ ალბომებშიც მიმართავდა და მსმენელიც უპირატესობას ძირითადად ორღანისტს ანიჭებდა ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკვე აშკარაა რიჩის, როგორც გიტარისტის წინსვლა და ვინძლო ლორდთან გათანაბრება... მთავარი კი წინ არის.

ვინილის პირველი გვერდის დამაგვირგვინებელი Child In Time (ანუ პირველადი  Bombay Calling), შესანიშნავმა ხუთეულმა ჯგუფ It’s A Beautiful Day-თან ავტორობის უფლებით გადაცვალა მათ მიერ Wring That Neck-ის სცენაზე შესრულების სამაგიეროდ! შედეგად, ბევრს დღემდე Child In Time, Deep Purple-ის სიმღერა ჰგონია. არადა მასში უნიკალური ვოკალის, გიტარისა და კონცერტებზე საორღანო პარტიების შემოტანის მიუხედავად, Child In Time სტრუქტურული თვალსაზრისით, კულმინაციური მომენტის ჩათვლით, იმეორებს Bombay Calling-ის თითოეულ ძირითად ელემენტს.

დისკის მეორე გვერდს მაფრენი Flight Of The Rat ხსნის. მძიმე როკ’ნ’როლი ორ დრამ სოლოს აერთიანებს და თუნდაც ამ მხრივაა უნიკალური როკ საგანძურისათვის. საინტერესოა, რომ მომავალში Deep Purple-ს თითქმის ყველა როკ’ნ’როლი სცენაზე ზოგჯერ მაინც შესრულებულა, აი Flight Of The Rat კი ფართო იმპროვიზაციული შესაძლებლობების მიუხედავად, ჯგუფმა უყურადღებოდ დატოვა.

მომდევნო In To The Fire, Deep Purple-ს ისტორიაში ყველაზე მეტად გამოხატული ჰარდ როკ კომპოზიციაა და რიტმული მონახაზით, ალბათ უფრო Black Sabbath-ს შეესაბამება. იგი პაუზის გარეშე Living Wreck-ში გადადის, რომელიც მსგავსების არარსებობის მიუხედავად, ხასიათით საოცრად მოგვაგონებს Jesus Christ Superstar-ში გილანის ნამღერ ნებისმიერ პარტიას. სავსებით შესაძლებელია, რომ Child In Time -თან ერთად, სწორედ ამ სიმღერამ გადააწყვეტინა ენდრიუ ლლოიდ უებერს როკ ოპერაში იან გილანის მიწვევა. დასასრულისაკენ სიმღერას ჯონ ლორდის ძარღვიანი ჰამონდ სოლოს თანხლებით, რიჩის გიტარ ჩანართებთან ერთად, აკომპანემენტად როჯერ გლოვერის ჭეშმარიტი როკ ბას შედევრი გასდევს, რომელიც 1970-1973 ფორმაციის Deep Purple-ს მოყვარულთ, სალაპარაკოს აძლევს მომავალ ბასისტ გლენ ჰიუზის ფიუჟენ ტენდენციების საწინააღმდეგოდ.

Hard Lovin’ Man ალბომის უმძლავრესი ფინალია. ზემოთხსენებული Iron Butterfly-ს სტუდიის ჟღერადობა თითქოს ყველაზე მეტად აქ იჩენს თავს. ექსპრესულობის, ვოკალ-წივილის, ხანგრძლივი სოლოებისა და განსაკუთრებით რიჩის დამაგვირგვინებელი გიტარ გაფრენის ქაოტურობის მიუხედავად, სიმღერა საკმაოდ „დალაგებული“ და მელოდიურია. უცნაურია, მაგრამ Hard Lovin’ Man-ის სცენაზე გამოტანა Deep Purple-მ ამ უკანასკნელ წლებში დაიწყო, როდესაც იან გილანს ნამდვილად აღარ შესწევს უნარი მაღლების აწევისა...

მეორეს მხრივ კარგია, რომ Deep Purple In Rock ზოგჯერ სცენაზე გაიელვებს ხოლმე. ეს ხომ შესანიშნავი ხუთეულის ყველაზე „თინნეიჯერული“ ალბომია, რომელიც კლდეში ოქროსფერი ასოებითაა ამოტვიფრული და ოთხ ათეულ წელიწადზე მეტია, რაც ალამაზებს როკ საგანძურს.