„როგორც ჩანს, ოპოზიცია უფრო მოქნილია და ეს ძალიან კარგია. მთავარია, ბოლომდე შეინარჩუნონ ერთობა და არ მოხდეს ოპოზიციის შიგნით განხეთქილება. რაც დღეს „ოცნებას“ გადაარჩენს, ეს არის ოპოზიციაში განხეთქილება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ახალ სამოქმედო გეგმას.
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციას სთავაზობს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ე.წ. ტექნიკური სიის შექმნას, რაც გულისხმობს ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ლიდერის წარდგენას, რომელსაც ყველა პარტია მხარს დაუჭერს. მათი აზრით, ხელისუფლებას პროპორციულ ნაწილში არჩევნები წაგებული აქვს, ამ გზით კი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მაჟორიტარული სისტემით გამარჯვების შანსი აღარ აქვთ.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ისინი დროებით კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ და რამდენიმე თვის შემდეგ ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებენ, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება.
„როგორც ჩანს, ოპოზიცია უფრო მოქნილია და ეს ძალიან კარგია. აშკარაა, რომ ხელისუფლება დროს წელავს და აბნევს საზოგადოებას, თითქოს მზად არის არჩევნებისთვის, მას შემდეგ, რაც ეს სპექტაკლი ჩაატარეს. მართალია, ეს წინადადება მხოლოდ "ევროპული საქართველოდან" მოვისმინე, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზციის მხრიდან მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე ჩაციკვლა შედეგს ვერ მოიტანდა. იგივე გააკეთა "ოცნებამ" 2012 წელს და გაიმარჯვა. მით უმეტეს დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც კოალიციური კონტექსტით მოდის, გამარჯვების შანსი აქვს.
„გაერთიანებული ოპოზიცია თუ მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას, ერთიანი ფრონტით უნდა შეუტიოს ხელისუფლებას. დროა გამოაცხადოს, რომ „ვემზადებით არჩევნებისთვის, რომელიც გვაქვს. ნებისმიერი საარჩევნო სისტემით, იქნება ეს პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული, დავამარცხებთ ხელისუფლებას იქ, სადაც არიან“. ამ მიზნის მისაღწევად კი ოპოზიციას სჭირდება შესაბამისი სტრატეგიის შექმნა და ამაზე უნდა იმუშაონ.
„მთავარია, შეინარჩუნონ ერთობა და განხეთქილება არ მოხდეს ოპოზიციის შიგნით. ერთადერთი, რაც „ოცნებას“ დღეს გადაარჩენს, ეს არის ოპოზიციაში განხეთქილება“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.