ლევან ალაფიშვილი: ნორმის შეჩერება “უჩიპო” პირადობის გაცემას არ ნიშნავს

ლევან ალაფიშვილი: ნორმის შეჩერება “უჩიპო” პირადობის გაცემას არ ნიშნავს

საკონსტიტუციო სასამართლომ იმ სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა, რომლის მიხედვით, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი ფორმით უნდა გაიცეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ სადავო ნორმის შეჩერება მოქალაქეებზე “უჩიპო” პირადობის მოწმობების გაცემას არ ნიშნავს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლო გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწვეტილების მიღებამდე კონკრეტული გასაჩივრებული ნორმა შეაჩერა. ნორმის მოქმედების შეჩერება კი არ ნიშნავს, რომ არსებითად საკითხი წყდება და „უჩიპოდ“ პირადობის მოწმობები უნდა გაიცეს.

კონსტიტუციურ საკითხზე პოლიტიკური მსჯელობა ჩემთვის მისაღები არ არის. მითუმეტეს, როცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამ საკითზე გადაწვეტილების მიღებამდე ხანგრძლივი პროცედურებია გასავლელი.

თანაც, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება იმ პერიოდს ვერ მოესწრება, როცა არჩევნებში პირადობის მოწმობებთ მანიპულირება შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს. საარჩევნო კოდექსში ძალიან კონკრეტულად არის დაწერილი როდის და რა პერიოდში ხდება ამომრჩეველთა სიებში მოქალაქეთა შეყვანა“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.