არაერთხელ მოგვისმენია მათგან მსგავსი აბსურდი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ID ბარათებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.
„არაერთხელ მოგვისმენია მათგან მსგავსი აბსურდი. მესმის, რომ გარკვეული რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეიძლება თვლიდეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ უნდა ჰქონდეს და მიმართეს გარკვეულ ქმედებებს, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყველა ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხს.
ჩვენი რელიგია საკმაოდ სიღრმისეული და ფილოსოფიურია, რომ ის ასე მარტივად არ გავიგოთ და არ დავიყვანოთ ნომრებზე. აქედან გამომდინარე მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას და ამ პოზიციას ყოველთვის მსგავსად დავაფიქსირებ“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო, იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ „ჩიპი“ არ ექნება.