“ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშილი საკუთარი შემოსავლების 90%-ს ქვეყანას ახმარს.
“ვერ ვიგებ ბიძინა ივანიშვილს სანქციები რატომ უნდა დაუწესდეს. მისი შემოსავლების 90% ქვეყანას ხმარდება. არ მგონია, რომ დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ”Wall Street Journal”-მა სარედაქციო წერილში დაწერა, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს მხრიდან სანქციები უნდა დაუწესდეს.
"ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში ქაოტურ 1990-იანებში დააგროვა, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას.
აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს. მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ”, - აღნიშნულია სტატიაში.