"სირცხვილით როგორ გვილოცავ ახალ წელს!" - ახალგორელები ბიბილოვს დაუპირისპირდნენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი გუშინ ახალგორის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. ახალგორელები მას ეკითხებოდნენ საბოლოოდ როდის გახსნის დე-ფაქტო ცხინვალი გზას, რათა მათ შეძლოს სამკურნალოდ წასვლა და ახლობლების ნახვა. ბიბილოვმა თქვა, რომ ამ საკითხით ოფიციალურ თბილისს მიმართოს, რომელმაც მისი თქმით, პოლიციური პოსტი დაიკავა სოფელ წნელისში.

„სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს. როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ჩემი მეუღლე გულით არის ავად”, – განაცხადა ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა, რაზეც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გულწრფელად ულოცავს მათ და მათივე ნებაა, მიიღებენ თუ არა მის მოლოცვას.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც განაცხადა, რომ ის 77 წლისაა, თქვა რომ სამი ვაჟი ჰყავს და ყველა მათგანი საქართველოში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი სიცოცხლე ისეთი, რომელშიც შვილებს ვეღარ ნახავს. თუ ამისათვის საჭიროა „სამხრეთოსეთულ მოქალაქეობაზე“ უარის თქმა, ის მზადაა დატოვოს პასპორტი.

ამაზე ბიბილოვს დაუნდობელი პასუხი ჰქონდა: „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბევრი ადამიანისთვის სამხრეთ ოსეთი სამშობლო არაა და ისინი მას არ ღებულობენ. თქვენი ნებისმიერ გადაწყვეტილება სწორი იქნება, მაგრამ თქვენი დემარშით მე ვხვდები, რომ თქვენთვის სულერთია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც წნელისში ცხოვრობენ. მტკივა, რომ თქვენს სიტყვებზე დღეს აქ აპლოდისმენტები ისმის. გააკეთეთ რაც გინდათ, დატოვეთ პასპორტი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ბევრმა ადამიანმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.