ერდოღანი: თურქეთი სირიიდან ლტოლვილთა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება

ერდოღანი: თურქეთი სირიიდან ლტოლვილთა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თავისი ქვეყანა სირიიდან ლტოლვილთა ახალ ტალღას ვეღარ გაუმკლავდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იდლიბის პროვინციაში, ამბოხებულების წინააღმდეგ დაბომბვის გააქტიურების შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი მიაწყდა თურქეთის საზღვრებს. თურქეთმა მანამდე უკვე მიიღო 3.7 მილიონამდე სირიელი დევნილი, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი დევნილთა პოპულაციაა.

ერდოღანი ევროპას აფრთხილებს, რომ დევნილთა ახალ შემოდინებას ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს. ერდოღანის განცხადებით, სირიის არმიისა და რუსეთის ძალების  მიერ გააქტიურებული შეტევების ფონზე, თურქეთისკენ 80 ათასამდე დევნილი დაიძრა.

იდლიბის პროვინციაში კი ჰუმანიტარული კრიზისი შაბათს მომხდარი ავიადარტყმების შემდეგ უფრო გამწვავდა. გაერომ "დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ" მოუწოდა მხარეებს, გაეროს განცხადებით, სირიის შეტევების გამო იდლიბის პროვინციაში 60 ათასამდე ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილდა. ჯამში რეგიონში 3 მილიონამდე მცხოვრებია.

იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება განსაკუთრებით მას შემდეგ შეინიშნება, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს. რეზოლუცია კიდევ ერთი წლით უზრუნველყოფდა საზღვარგარეთის დახმარებას პროვინციისთვის.