აფხაზეთში „მესენჯერით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მასში საუბარია, რომ უცნობი მოზარდი ბიჭები „რესპუბლიკის" სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ კამფეტებსა და საღეჭ რეზინებს ურიგებდნენ, თუმცა ჩანაწერში არაა დასახელებული არც ქალაქი ან სოფელი და არც კონკრეტული სკოლა, სადაც მსგავსი რამ ხდება.
„ჩვენს სკოლაში იპოვეს პარკი კანფეტებითა და საღეჭი რეზინებით - ჩვენს ბავშვებს სთავაზობდნენ... (ასახელებს აფხაზურ და სომხურ გვარებს, რომლის ფონზეც ისმის ბავშვის ხმა - „მეც მთავაზობდნენ"). კამფეტებსა და საღეჭ რეზინებს ჩვენს ბიჭებსაც სთავაზობდნენ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები", - ამბობს აუდიოჩანაწერში ინკოგნიტო ქალბატონი.
„მესენჯერში" გავრცელებული აუდიოჩანაწერების თანახმად, რამდენიმე ბავშვი მოიწამლა იმ კამფეტებისა და საღეჭ რეზინებისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველია.
მოსახლეობის შეშფოთება იმდენად მასშტაბური იყო, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა საგანგებო განცხადება გაევრცელებინა,
ამავე დროს, აუდიოჩანაწერში არ არის მითითებული სკოლა და ქალაქი, სადაც მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკების შემცველი ტკბილეული. აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს" ცნობით, ეს ინფორმაცია ყალბია და მიაკუთვნეს ე.წ. ფეიკნიუსებს.
ე.წ. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა:
„საავადმყოფოებს დავუკავშირდით და მივიღეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალებების გამო მოწამლული მოზარდები არ ყოფილან დაფიქსირებულები", - თქვა მან და დაამატა, რომ სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს ნარკომანიის პროფილაქტიკური კონტროლი, ხოლო მსგავსი კანფეტები აფხაზეთში არ შეუმჩნევიათ. „ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას", - განაცხადა „შსს-ს" პრესსამსახურის წარმომაგდენელმა.
განათლების ე.წ. მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამია კი ამ ფაქტს ტერორიზმის გარკვეულ ფორმასა და დივერსიულ აქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად გავრცელდა:
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია და შიშისა და დაუცველობის გრძნობის დათესვა მშობლებში, რომლებასც შვილების უსაფრთხოება აღელვებთ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას, მაგრამ ხალხი დაფიქრდა, იქნებ ეს მართლა მოხდა ან შეიძლება, რომ მოხდეს?! საბოლოოდ, განგაშის გრძნობა რჩება. სამწუხარო ისაა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ინიციატორებმა თავისას მიაღწიეს", - ამბობს გვარამია.